მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

რამზან კადიროვი, ჩეჩნეთში იმყოფება

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ კიევშია, ჩეჩნეთში იმყოფება.

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი, რომელიც 14 მარტს ირწმუნებოდა, რომ კიევის მახლობლად იმყოფება და უკრაინის ხელისუფლებას დანებებას ურჩევდა, ჩეჩნეთშია.

რამზან კადიროვის ტელეგრამ-არხზე 15 მარტს გამოქვეყნებული ვიდეოს და ტექსტის თანახმად, კადიროვი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან პატრუშევთან და ჩრდილოეთ კავკასიაში პრეზიდენტ პუტინის სრულუფლებიან წარმომადგენელ ჩაიკასთან ერთად სოფელ ახმატ-იურტში იმყოფებოდა მამის, „ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის და რუსეთის გმირის“ ახმად კადიროვის საფლავზე.

14 მარტს ღამით, კადიროვი ტელეგრამ-არხით იუწყებოდა, რომ კიევში ერთი მხრიდან თავად შედის, ხოლო მეორე მხრიდან შედიან „ძველი გამოცდილი მებრძოლები”, რომლებსაც ხელმძღვანელობს მისი „ძვირფასი ძმა ადამ დელიმხანოვი“. კადიროვის უახლოესი თანამოაზრე დელიმხანოვი რუსეთის დუმის დეპუტატია.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც – საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სასწავლო დაწესებულებებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button