ევროპარლამენტარები პოლიტიკოსებს შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდებენ
ევროპარლამენტარები დარჩენილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდებენ და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.
„გვჯერა, რომ ეს წინადადება პოლიტიკურად გაწონასწორებულია და დისკუსიის ცენტრში საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებსა და ლეგიტიმურ მოლოდინებს აქცევს. ის მხარეებს შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს სთავაზობს და დაეხმარება პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებაში, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას დიდი ხანია წამლავდა. წინადადება ახალ სტიმულს აძლევს დემოკრატიის კონსოლიდაციასა და კანონის უზენაესობას და შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. დარჩენილ პოლიტიკურ პარტიებსა და პარლამენტის წევრებს მოვუწოდებთ გამოიჩინონ სითამამე საქართველოს კეთილდღეობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: მარინა კალიურანდი, სვენ მიკსერი და ვიოლა ფონ კრამონი
შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.
მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.
- ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს.
- რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი – 0%-დან 2%-მდე.
- და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.