მსოფლიოსაქართველოსიახლეები

ევროპარლამენტარები უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ

“საქართველო ევროკავშირის უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენ იქ მიმდინარე პროცესებს ყურადღებით ვაკვირდებით”. – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა.

მისივე თქმით, ის მიესალმება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ და იმედს გამოთქავმს, რომ გიორგი რურუას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები მოიხსნება.

„მსურს გიორგი რურუას სახელიც ვახსენო, რომელიც დამოუკიდებელი ბიზნესმენი და მედია მფლობელია. მე ვხედავ, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ძალიან ჰგავს ყალბს და ისინი უნდა მოიხსნას“. – განაცხადა ანა ფოტიგამ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება ბოლომდე შესრულდება და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და წარმომადგენლობითი იქნება.

“გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება პრეზიდენტის მხრიდან იყო პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც მიზნად პოლიტიკური დაძაბულობის შემსუბუქებას ისახავდა”. – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ესტონეთიდან, მარინა კალიურანდმა საგარეო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მან ასევე მწუხარება გამოთქვა, რომ 8 მარტის ხელშეკრულების განხორციელება დროში გაიწელა.

„გუშინ მე დავუკავშირდი ჩემს კოლეგა დავით სონღულაშვილს, რომელმაც დამარწმუნა, რომ დისკუსიები გაგრძელდება, როგორც კი საგანგებო მდგომარეობა დასრულდება.

“მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის ოპოზიციას, რომ განაგრძონ კონსტრუქციული კონსულტაციები წინასაარჩევნო თვეებში. მოვუწოდებ კოლეგებს პარლამენტის ორივე მხარეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, სამართლიანობა და კონსტრუქციონიზმი“. – აღნიშნა დეპუტატმა.

“მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც ნამდვილად იძლევა 8 მარტის შეთანხმების სრული განხორციელების პერსპექტივას”. – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ მოხსენებაზე საუბრისას განაცხადა.

მან ასევე ხაზი გაუსვა აღნიშნული შეთანხების მიღწევაში ფასილიტატორი დიპლომატების როლს.

„მსურს, ხაზი გავუსვა ამ შეთანხმების მიღწევაში ფასილიტატორების, მათ შორის ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰერცელის როლს და ვფიქრობ, ეს არის ის, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს დახმარება გაუწიოს იმ ქვეყნებს, რომლებსაც გარკვეული სახის პოლიტიკური კრიზისი აქვთ“. – აღნიშნა კუბილიუსმა.

მისივე თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამაგალითო ქვეყანა გახდეს. ანდრიუს კუბილიუსმა ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების სახით, საქართველოს წინ დიდი გამოწვევა აქვს.

„საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, ის თავისუფალ გარემოში და გამჭვირვალედ ჩატარდეს“. – განაცხადა კუბილიუსმა.

ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის განცხადებით, გასულ კვირას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალებამ პოლიტიკურ ძალებს უნდა მისცეს საშუალება, მეტად მოხდეს 8 მარტის ხელშეკრულების პირობების შესრულება. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა საქართველოს შესახებ მოხსენების წარდგენისას განაცხადა.

„მე მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, შეეწყალებინა ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გზას გაუხსნის პოლიტიკური დაძაბულობების შემსუბუქებას. რა თქმა უნდა, არის კიდევ ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა მოხერხდეს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, მაგრამ გასულ კვირას პრეზიდენტის შეწყალებამ უნდა მისცეს პოლიტიკურ ძალებს საშუალება, მეტად მოხდეს მარტის ხელშეკრულების პირობების შესრულება. მიუხედავად კოვიდ-19-ის გამო დაკარგული დროისა, სრულიად შესაძლებელია, რომ დროულად მოხერხდეს კონსტუტუციური ცვლილებები საარჩევნო რეფორმისთვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებები განხორციელდეს გადავადების გარეშე“. – განაცხადა მიქსერმა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button