მნიშვნელოვანისიახლეები

ევროპარლამენტარების დელეგაცია საოკუპაციო ზოლთან იმყოფებოდა

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში საქართველოში მყოფი ევროპარლამენტარების დელეგაცია ჩავიდა.
მათ საკუთარი თვალით ნახეს, რას აკეთებს ვლადიმერ პუტინის რუსეთი ქვეყანაში და როგორ ყოფს ქართულ სოფლებს მავთულხლართებით. გამყოფი ზოლიდან მათ სოფელ ახმაჯში განთავსებული რუსული ბაზების ხილვის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

ევროპარლამენტის წევრები სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და იქ არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მათგანაც მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან მთავრობის წარმომადგენლები არ ჩასულან.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე უმასპინძლა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას, მისი თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის ხელმძღვანელობით.

მათივე ცნობით, მისიის ხელმძღვანელი თავდაპირველად სტუმრებს შეხვდა მცხეთის რეგიონალურ ოფისში, რათა გაეცნო მათთვის სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ განვითარებული უსაფრთხოების უახლესი მოვლენები.

„დელეგაცია შემდეგ გაემგზავრა ოძისში, სადაც შეძლო საკუთარი თვალით დაენახა „ბორდერიზაციის“ დამახასიათებელი ნიშნები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა განმარტეს, თუ რამდენად უარყოფითად აისახა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე მიმდინარე „ბორდერიზაცია“ და ოძისის გადაკვეთის პუნქტის რეგულარული გადაადგილებისთვის დახურვა. მისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის თანათავმჯდომარე, აგრძელებს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების მუდმივი გახსნისაკენ მოწოდებას.

ვიზიტის დასასრულს, დელეგაციამ მადლიერება გამოხატა საინფორმაციო ვიზიტისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ევროპარლამენტარების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 20 ივლისს დაიწყო. ისინი საქართველოს პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო სექტორს, საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ასევე, მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და „ქართული ოცნების“ წევრებთან.

ევროპარლამენტის შვიდკაციანი დელეგაცია საქართველოს გუშინ ეწვია. მის შემადგენლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ევროპარლამენტარები სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი არიან.

ასევე საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული პარლამენტის დელეგაციის წევრები პარლამენტის სპიკერს და კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდნენ.

როგორც პარლამენტის პრესსამსახური იუწყება, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ოფიციალური ცნობით, მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.

ევროპარლამენტის დელეგაციის კითხვის პასუხად, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე დაიწყო რეკომენდაციების შესრულების პროცესი და რომ საქართველოს პარლამენტი შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში მათ შესრულებაზე აქტიურ მუშაობას გააგრძელებს.

„ცალსახაა, როგორც ჩვენი მხრიდან, ისე ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა აქვს საპარლამენტო პოლიტიკას, ევროპულ პოლიტიკას, შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას და არა ქუჩის და დესტაბილიზაციის პოლიტიკას. ეს არაერთ შეხვედრაზე ამ ვიზიტის ფარგლებშიც გაჟღერდა. ცალსახაა მათი პოზიცია, რომ პოლიტიკური პარტიები ოპოზიციიდან უნდა ჩაერთონ ფორმატებში, რომელიც შეიქმნა პარლამენტში და მიმართულია რეკომენდაციების შესრულებისკენ. ცხადია, პირველ საკითხად დეპოლარიზაციის რეკომენდაციის შეტანა ჩამონათვალში ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი მოელის საქართველოში უფრო მშვიდ, საქმიან პოლიტიკას”, – თქვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
ევროპარლამენტის დელეგაცია, ასევე, შეხვდა საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებს. შეხვედრას ესწრებოდნენ: ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, პოლიტიკური ჯგუფების – „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“, „მოქალაქეების“, „გირჩის“, „რეფორმების ჯგუფის“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები, ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრები.

შეხვედრის შემდეგ „რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ თქვა: „მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროცესში გვეხმარებიან და გვერდში უდგას ქვეყანას პარტნიორები ევროპარლამენტარების სახით და ეს ვიზიტიც ამის მაჩვენებელია. ისინი ამით კიდევ ერთხელ უდასტურებენ ქვეყანას მხარდაჭერას, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. შეკითხვები აქვთ, რა შეიძლება მათ გააკეთონ ჩვენთვის, პოლიტიკოსებისთვის, ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომ ქვეყანამ სწრაფად მიიღოს სტატუსი. ვილაპარაკეთ პრობლემებზე, გავაცანით ჩვენი მოთხოვნა რიგგარეშე სესიაზე, რომელიც უარყო პროცედურების სრული დარღვევით “ქართულმა ოცნებამ”, ამის მიუხედავად, ჩემი პოზიცია არაერთხელ განმიცხადებია, რომ არ უნდა შევწყვიტოთ ცდა და ვაიძულოთ “ქართული ოცნება”, 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით პროცესი გახადოს ინკლუზიური. ჩემი პოზიციაა, რომ ამ პროცესში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ პროცესი ინკლუზიური გახდეს”.

„ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ილაპარაკა ევროპარლამენტის წევრების ვიზიტის მნიშვნელობაზე.

„დელეგაციის საქართველოში ყოფნა ადასტურებს, რომ მიუხედავად დაძაბულობისა, ევროპარლამენტი და ევროკავშირი ძალიან აქტიურად არიან დაინტერესებულები და ჩართულები საქართველოში დემოკრატიის გადარჩენის პროცესში; მიუხედავად იმ ძალიან საზიზღარი, პიროვნული შეურაცხყოფებზე დამყარებული კამპანიისა, რომელსაც ხელისუფლების სპიკერები აწარმოებენ, მათ შორის იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც დელეგაციაში მონაწილეობენ.

ჩემი მხრიდან დაისვა რამდენიმე საკითხი. 12 პუნქტის შესრულება არის უმნიშვნელოვანესი. ეს არის საკითხები, რომლებიც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტია, არ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობას, რომ მას ჰქონდეს კომფორტი, გაიქცეს ამ 12 პუნქტის შესრულებიდან.

დელეგაციასთან დაისვა საკითხი იმ მძიმე გარემოს შესახებ, რომელშიც ქართულ მედიას უწევს მუშაობა და ასევე დაისვა კონკრეტული საკითხი ნიკა გვარამიას პოლიტიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობის შესახებ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ევროპარლამენტის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში შეხვდა, პრეზიდენტს, სახალხო დამცველს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს

მსგავსი პოსტები

Back to top button