მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროპარლამენტარებმა მოითხოვეს ბიძინა ივანიშვილის, ქართული ოცნების დეპუტატებისა და პოლიციის მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესება

რეზოლუციის კენჭისყრა 25 აპრილს გაიმართება

23 აპრილს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც საქართველოს პარლამენტში წარდგენილი „აგენტების კანონი“ განიხილეს, ევროპარლამენტარებმა სიტყვებით გამოსვლისას მოითხოვეს ბიძინა ივანიშვილის, ქართული ოცნების დეპუტატებისა და პოლიციის მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესება.

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროკომისიას მოუწოდა, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგ დემონსტრანტებისადმი ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების გამო, სანქციები დაუწესდეთ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილსა და თბილისის პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს.

„მოვუწოდებ ევროკავშირის ინსტიტუტებს, დაუწესდეს პერსონალური სანქციები საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებსა და აორგანიზებენ მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევას – ზვიად ხარაზიშვილსა და ვაჟა სირაძეს“, – განაცხადა სტრასბურგში პეტრას აუსტრევიჩუსმა, ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა პოლიტიკური ჯგუფიდან, „განაახლე ევროპა“.

ხარაზიშვილი ახსენა კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ. მან განაცხადა:

„მას შემდეგ, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღეს, მთავრობამ გატეხა პირობა და ძალით ცდილობს კანონის მიღებას. აქვთ გეგმები ლგბტ ადამიანების უფლებების ჩასახშობად. დემონსტრანტები რეპრესიების წინაშე დგანან. ამჯერად, ზვიად ხარაზიშვილისგან“.

ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსია, ზვიად ხარაზიშვილი კი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი.

დაკავებული დემონსტრანტების ნაწილი, რომლებიც უფლებების დარღვევას უჩივის, მათ ადანაშულებს ძალადობის ორგანიზებაში. ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საჭიროებაზე რამდენიმე გამომსვლელმა ისაუბრა, მათ შორის ანა ფოტიგამ და მაიკლ გალერმა.

დღეს, 23 აპრილს სტრასბურგში ევროპარლამენტის წევრები განიხილავენ საქართველოში ხელახლა ინიციირებულ „აგენტების კანონს“.

თუ „აგენტების კანონს“ საბოლოოდ მიიღებენ: დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და კანონის მხარდამჭედ პარლამენტარებს; გადაიხედოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიდერალიზაცია, შეუწყდეს ქვეყანას ევროკავშირისგან ფინანსური დახმარება – ევროპარლამენტი განიხილავს, რა ზომები მიიღოს „აგენტების კანონის“ პასუხად.

25 აპრილს, ხუთშაბათს, ევროპარლამენტი გეგმავს, კენჭი უყაროს რეზოლუციას ამ საკითხზე.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ჯამში, 40 ადამიანი დააკავეს. პოლიციამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დააკავა. მათ შორის, ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტებსა და დეპუტატ ალეკო ელისაშვილზე. აქციის დაშლას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე ხელმძღვანელობდენ.
ევროპარლამენტში ინიცირებულია რეზოლუციის პროექტი “საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და მისი სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის შესახებ”. როგორც ცნობილია, რეზოლუციის კენჭისყრა 25 აპრილს გაიმართება.

რეზოლუციის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ავტორები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც რუსულ კანონს მხარს დაუჭერს. ასევე, ამავე პუნქტში მოწოდებაა ევროპული საბჭოს მიმართ, განიხილონ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირება.

რეზოლუციაში წერია, რომ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი შედგენილია ანალოგიური კანონის მიხედვით, რომელიც მიიღეს რუსეთში 2012 წელს და ასევე, აღნიშნულია, რომ ეს კანონმდებლობა ცოტა ხნის წინ მიიღეს ყირგიზეთსა და აფხაზეთში.
რეზოლუციის ავტორები ევროპის სახალხო პარტიის (EPP) დეპუტატები არიან: მირიამ ლექსმანი, მაიკლ გალერი, რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ანდრიუს კუბილიუსი, იზაბელ ვიზელერ-ლიმა, ტრაიან ბასესკუ, ვლადიმირ ბილჩიკი, ანდჟეი ჰალიცკი, სანდრა კალნიეტე, ლეოპოლდო ლოპეს ხილი, ანტონიო ლოპეზ-ისტურიზ ვაითი, მიქაელა შოიდროვა, ეუჯენ ტომაკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button