მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი-ღარიბაშვილი კრიტიკას კიდევ ერთხელ ეხმაურება

ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების საკითხს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

“მთავრობამ სესხი აიღო 150 მილიონი ევროს ოდენობით 2020 წელს, ამ სესხიდან ნახევარი ჩამორიცხული იქნა შარშან და მეორე ნახევარი მიბმული იყო სასამართლო რეფორმაზე. მინდა ყველას შევახსენო და მათ შორის ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს გამოდიან განცხადებებით – ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს როგორი სასამართლო ჩაიბარა “ქართულმა ოცნებამ”, მას შემდეგ არაერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ, რამაც რეალურად გამჭვირვალე გახადა და გახსნა ეს სისტემა. ამას გარდა, საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების, სახელმწიფოების სასამართლო სისტემას,

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ და ვართ ერთგული იმ რეფორმებისა რომელიც დავიწყეთ და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც არ დაფიქსირებული 10-12 წელზე მეტია და ამის შედეგად, ჩვენ მივეცით ჩვენს თავს უფლება იმისა, რომ დაგვეწყო ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება.

ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი, ეს ერთი, მეორე, თუ მათ აინტერესებთ რეალურად ვითარებაში გარკვევა, უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ. არ მაინტერესებს ვინ რა თქვა, მე ვეუბნები ჩვენს ხალხს- ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი,”-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ხელისუფლების ოპონენტების აზრით , საქართველო ევროკავშირის დახმარებას ვერ იღებს, რადგან ვერ ასრულებს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

მმართველ პარტიაში კი ირწმუნებიან, რომ რეფორმები და ვალდებულებები წარმატებით ხორციელდება ქვეყანაში. ევროკავშირის დახმარებაზე კი უარს ხსნიან იმით, რომ საქართველოს დამატებითი ვალი არ სჭირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button