მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროპარლამენტი ივანიშვილის კობახიძის კალაძის ღარიბაშვილის და პაპუაშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვს

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, არ აღიარებს მის შედეგებს და მოითხოვს “ქართული ოცნების” ლიდერების სანქცირებას.

26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ პირველი რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციას სახელწოდებით: “საქართველოს გაუარესებული დემოკრატიული კრიზისის შესახებ უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო გაყალბების შემდეგ” მხარი დაუჭირა 444-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 72, ხოლო 82-მა დეპუტატმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.

მიღებული რეზოლუციის შესახებ ევროკავშირის პრესრელიზში წერია, რომ ევროპარლამენტი არ ცნობს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ითხოვს ხელახალი არჩევნების საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ ჩანიშვნას 1 წლის ვადაში.

ტექსტის მიხედვით, რეზოლუციით ევროპარლამენტარები ითხოვენ საქართველოს პრემიერისთვის ირაკლი კობახიძისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, შალვა პაპუაშვილისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვისა და კახა კალაძისთვის სანქციების დაწესებას.

ამასთან, რეზოლუციაში საუბარია საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტების შეზღუდვაზე.

“მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ მოწოდებებს მხარს ვუჭერთ, პარლამენტს სურს, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა დაუწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო კანონმდებლობისა და სტანდარტების დარღვევაზე და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებაზე.

მათ შორის არიან პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი და მმართველი პარტია ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ყოფილი პრემიერმინისტრი და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ ევროკავშირს მკაცრად შეზღუდოს ევროკავშირის დონეზე ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან”, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი, სამართლიანი, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელებისა, “რაზეც სრული პასუხისმგებლობა საქართველოს მმართველ პარტიას ქართულ ოცნებას ეკისრება”.

ევროპარლამენტის დეპუტატები გმობენ არჩევნებზე გამოვლენილ მრავალრიცხოვან და სერიოზულ დარღვევებს, მათ შორის ამომრჩევლის დაშინების, ხმის მანიპულირების, დამკვირვებლებისა და მედიის საქმიანობაში ჩარევების შესახებ ინფორმაციას, ასევე ელექტრონული ხმის მიცემის აპარატებთან დაკავშირებულ ცნობებს.

ევროპარლამენტარები ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოში ბოლო დროს მიღებული ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის შედეგად, მათ შორის საუბარია რუსულ კანონსა და პროპაგანდისტულ და ჰომოფობიურ კანონზე – ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია.

პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ რეზოლუციის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან შეუთავსებელია.

“პარლამენტი მკაცრად გმობს საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში დეზინფორმაციის მეშვეობით რუსეთის სისტემატურ ჩარევას, როგორიც არის გლობალური ომის პარტიის შეთქმულება, თითქოს ოპოზიცია საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას ცდილობს დასავლეთის დავალებით.

ევროპარლამენტარები მკაცრად აფრთხილებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ნებისმიერი მცდელობა აკრძალონ კანონიერი პოლიტიკური პარტიები კიდევ უფრო დააშორებს ქვეყანას ევროკავშირისგან და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გადადგმულ ყველა ნაბიჯს შეუძლებელს გახდის. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან შეუთავსებელია”, – ნათქვამია ტექსტში.

ევროპარლამენტმა რეზოლუცია 444 ხმით 72-ის წინააღმდეგ მიიღო.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა.

შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 150-დან 89 მანდატი აქვს, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას – ჯამში 61 მანდატი:

„კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
„ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ – 16 მანდატი;
„ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
„გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული „სერიოზული ეჭვები“.

მსგავსი პოსტები

Back to top button