ევროპარლამენტი რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების გასასამართლებლად ტრიბუნალს მოითხოვს

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა წერს.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები უზარმაზარია. მოკლული არიან ბავშვები, ქალები, კაცები, ოჯახები დაყოფილია. საავადმყოფოები განადგურებული, სახლები დანგრეული. სკოლები ნანგრევებად ქცეული. დღეს ევროპარლამენტი გამოვიდა სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის სასწრაფოდ შექმნის მოწოდებით. ომის დამნაშავეები უნდა გასამართლდნენ. ახლა“, – წერს რობერტა მეცოლა.
ამასთან, როგორც უკრაინული მედია წერს, ევროპარლამენტში მიიჩნევენ, რომ სპეციალური ტრიბუნალი უნდა ეფუძნებოდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტანდარტებსა და პრინციპებს.
დეპუტატები აღნიშნავენ, რომ სპეციალური ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, არამედ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, ასევე რუსეთისა და ბელარუსის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა.
რეზოლუციას მხარი 472-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ – 19 წავიდა, ხოლო 33-მა – თავი შეიკავა. „ევროპარლამენტი თვლის, რომ სპეციალურ საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა ჰქონდეს იურისდიქცია, რათა გაასამართლოს არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინი და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა, არამედ ალექსანდრე ლუკაშენკო და ბელარუსის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა, როგორც თანამონაწილე სახელმწიფო, რომლის ტერიტორიიდანაც და რომლის ლოგისტიკური მხარდაჭერითაც რუსეთის ფედერაცია აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ევროპარლამენტის წევრები მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს, კერძოდ, ევროკომისიას და საგარეო ქმედებათა ევროპულ სამსახურს, მხარი დაუჭირონ დროებით პროკურატურის შექმნას, რაც იქნებოდა მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯი მომავალი სპეციალური ტრიბუნალის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად.
ამასთან ევროპარლამენტმა ხუთშაბათს მხარი დაუჭირა არასავალდებულო რეზოლუციას, რომელიც სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მოითხოვს რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების გასასამართლებლად.
დეპუტატებმა რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სპეციალურმა ტრიბუნალმა პასუხისგებაში უნდა მისცეს არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, არამედ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო და ამავე ქვეყნების სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა.
ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ სპეციალური ტრიბუნალის შექმნა შეავსებს დიდ ხარვეზს საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუციურ სტრუქტურაში და ის უნდა ეფუძნებოდეს სტანდარტებსა და პრინციპებს, რომლებიც ვრცელდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.
რეზოლუციის ცალკე პუნქტი ეძღვნება რუსეთის სახელმწიფოს სუვერენული აქტივების გამოყენებას უკრაინაში რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევების კომპენსაციის მიზნით.