,,ევროპარლამენტის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს,,-ოცნება

ამ ტიპის რეზოლუცია ბევრი გვინახავს, ვიცით, როგორ ხდება მათი მიღება, რამდენს იხდიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძეს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული ყოველწლიური ანგარიშის შესახებ.
როგორც საპასუხოდ კალაძემ აღნიშნა, მსგავსი ლობიზმით შეფუთული რეზოლუციებისა და აგენტურისადმი ქართველი ხალხის უმრავლესობას შესაბამისი დამოკიდებულება აქვს.
„ამ ტიპის რეზოლუცია ბევრი გვინახავს. ვიცით, როგორ ხდება მათი მიღება, რამდენს იხდიან. ეს ყველაფერი ლობიზმითაა შეფუთული. ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვთ. ამ ადამიანებს, რომლებიც აგენტურას წარმოადგენენ ქვეყანაში, საზოგადოების უმრავლესობას მათ მიმართ და მათი თანაგუნდელების მიმართ აქვთ შესაბამისი დამოკიდებულება, რასაც იმსახურებენ. აგენტებს და უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მსახურებს ყოველთვის შესაბამისი დამოკიდებულება ექნებათ ხალხის მხრიდან. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის ბიუროკრატები, ოდიოზური პირები საკმაოდ მრავლადაა, თუმცა შეიცვლება ყველაფერი და ისეთ ევროპას მივიღებთ, რომლისკენაც ვისწრაფვით ოდითგანვე და არა ისეთს, როგორიც დღესაა, დაფუძნებული ტყუილზე, ცილისწამებაზე. ეს არის ზუსტად განსხვავება ჩვენსა და რადიკალებს შორის. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ქართველი ხალხის დავალებას ვასრულებთ. ჩვენთვის ჩვენი ქვეყანაა მნიშვნელოვანი. რადიკალების ამოსავალი წერტილია, რას უბრძანებენ გარედან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.’
ე.წ. ოპოზიციის მიმართ ევროპარლამენტის მოწოდების უკან არ უნდა გამოვრიცხოთ ბნელი, კონსპირაციული გეგმა, რაც არ შეცვლილა პირველი რეზოლუციიდან, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიიღეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამოცანა ისევ ერთია – საქართველოს უნდა მართავდეს მარიონეტული რეჟიმი, რასაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისთვის გამოიყენებ.
„ე.წ. ოპოზიციის შინაარსი არ შეცვლილა, როგორც აქამდე იყვნენ დანაშაულებრივი სისტემის მხარდამჭერები და შემქმნელები, ისეთივეებად დარჩნენ. ახლა იმაზეა საუბარი, რომელი გზა აირჩიონ, რათა პოლიტიკურ ზედაპირზეც დარჩნენ და პოლიტიკურ ცხოვრებაშიც, თუმცა ამავე დროს საკუთარ მიზანს მიაღწიონ. რასაკვირველია, ევროპარლამენტის დამოკიდებულება კონტექსტიდან არ უნდა ამოვიღოთ და ეს მოწოდება ნორმალური იქნებოდა, თუ ნორმალური ურთიერთიერთობა განვითარდებოდა ევროპარლამენტსა და საქართველოს შორის, მაგრამ ამის უკან სანქციების უტიფარი მოთხოვნა და დამნაშავეების წამოწევა, როგორც დემოკრატიის ჩირაღდნების და შუქურების, „ნაცმოძრაობის“ გათეთრების მცდელობაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ ნაწილი ხალხს სისხლისღვრისკენ და რეზოლუციების მიღებისკენ მოუწოდებს, მეორე ნაწილი – არჩევნებში შედეგს ხედავს.
„მათი სცენარი ევროპარლამენტის რეზოლუციაში იკითხება. მნიშვნელობა არ აქვს, რას მოუწოდებენ, მნიშვნელობა აქვს, რა ხდება. ერთია, რასაც წერ, მეორეა, რასაც გულისხმობ. ამის უკან ბნელი, კონსპირაციული გეგმა არ უნდა გამორიცხო, რაც არ შეცვლილა პირველი რეზოლუციიდან, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიიღეს. ამოცანა ისევ ერთია, საქართველოს მარიონეტული რეჟიმი უნდა მართავდეს, რასაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისთვის გამოიყენებ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ანგარიშში სრულიად აბსურდული და სიმართლისგან დაცილებული საკითხები ჩაწერეს. ცდილობენ, რადიკალებისთვის ისევ მაშველ რგოლად გამოდგნენ. როგორც კი საღამოობით, ერთი მუჭა რადიკალები რუსთაველზე სირბილს შეწყვეტენ, თუ შემცირდებიან, იმ წუთას, მათ დავალებების მიმცემთა წიაღში გამოჩნდებიან ადამიანები, თუ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, მათი აქტიურობა ცოტა მეტად გაზარდონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა.
მათიკაშვილის თქმით, სიმართლე სად არის, იმ ხალხმაც კარგად იცის, ვინც სრულიად აბსურდულ, საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისგან განსხვავებულ თეზისებს სვამს.
„არაფერი გამოსდით, მაგრამ თუნდაც ამ ანგარიშში კვლავ ქართველი ხალხის მიმართ სრულიად უწესო თეზებია აღნიშნული, სადაც თითქოს მილიონ 120 ათასი ადამიანი არაფერს ნიშნავს და ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ის 300-400 რადიკალია, რომელიც ქუჩაში საღამოობით დარბის. სიმართლე სად არის, ეს იმ ხალხმაც კარგად იცის, ვინც ამ სრულიად აბსურდულ, საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისგან განსხვავებულ და საწინააღმდეგო თეზისებს სვამენ. როდესაც ლეგიტიმურს უწოდებ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც პოლიტიკაში არავის ახსოვს და საზოგადოებას თავისი ნეგატიური ქცევით დაამახსოვრა თავი, ამით ყველაფერია ნათქვამია“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.