მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დაბომბილი უკრაიკნის ტერიტორიები- ოკუპანტები მაშტაბურ შეტევებს არ წყვეტენ

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში სუმის ოლქზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სუმის რეგიონში შვიდი დასახლებული პუნქტი დაბომბეს.

გავრცელებული ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ნაღმმტყორცნები და უპილოტო თვითმფრინავები გამოიყენეს.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსეთმა ერთი სარაკეტო და შვიდი საავიაციო შეტევა განახორციელა, ასევე ცხრაჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. დაბომბვის შედეგად დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში.

უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, დონეცკის ოლქში დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა, ასევე დაზიანებულია მრავალსართულიანი შენობა და სკოლა.

უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსული საჰაერო თავდაცვის ორი სისტემა და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ორი რაიონი დაბომბეს. გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ ბახმუტზე რუსეთის ოთხი თავდასხმა მოიგერიეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაურის, სერგეი ნაევის განცხადებით, რუსეთს ბუფერული ზონების შესაქმნელად, უკრაინის ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდება სურს.

ნაევის თქმით, მტერი გააგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების სრულად აღების მიზნით და ააშენებს თავდაცვით ხაზებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

“მომავალში აგრესორს სურს დაიკავოს ახალი ტერიტორიები ბუფერული ზონების შესაქმნელად, რათა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების “უსაფრთხოება” უზრუნველყოს”, – თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაურმა.

ნაევი აცხადებს, რომ უკრაინელი დამცველები, თავის მხრივ, შეაკავებენ ოკუპანტების შემდგომ წინსვლას და მიაყენებენ მათ მაქსიმალურ ზარალს ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები განავითარებენ თავიანთ საბრძოლო პოტენციალს კონტრშეტევისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად.

ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებით, უკრაინას დიდი კონტრშეტევისთვის მხოლოდ ერთი მცდელობა ექნება.

პაველის თქმით, უკრაინამ წელს უნდა გამოიყენოს კონტრშეტევის შესაძლებლობა, რადგან მოკავშირეებისგან დახმარების მიღება მომავალში ახალი მცდელობისთვის უკიდურესად რთული იქნება.

“ბევრი ქვეყანა, ბევრი პოლიტიკოსი წელს გარკვეულ პროგრესს ელოდება. მე ვფიქრობ, რომ უკრაინას მხოლოდ ერთი მცდელობა ექნება, განახორციელოს დიდი კონტრშეტევა. ეს რამდენიმე თვეში უნდა მოხდეს”, – თქვა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

12 მარტს, ჩეხეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ პეტრ პაველი აპრილში უკრაინას ეწვევა. ამავე დღეს, ზელენსკისა და პაველს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პრეზიდენტებმა განიხილეს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაცია და შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button