“ევროპელი პატრიოტები” ნაციონალისტი პოპულისტების წინააღმდეგ
„იბრძოლეთ ევროპისთვის ან მავნებლები მას გაანადგურებენ“, – ამ სათაურით ღია წერილი ბრიტანულ გამოცემა Guardian-ში გამოქვეყნდა, რომელსაც ხელს აწერენ ცნობილი მწერლები, მეცნიერები და ისტორიკოსები. მათ შორისაა ნობელის პრემიის ლაურეატი, თურქი მწერალი ორჰან ფამუქი, ფრანგი ფილოსოფოსი ბერნარ-ანრი ლევი, მწერლები მილან კუნდერა, სალმან რუშდი, სვეტლანა ალექსიევიჩი და სხვები.
წერილის ავტორები საკუთარ თავს „ევროპელ პატრიოტებს“ უწოდებენ. როგორც ისინი ამბობენ, ევროპას „ცივილიზაციისთვის ახალი ბრძოლის გადატანა მოუწევს“, ამის მიზეზად ისინი ევროპაში ნაციონალისტი პოპულისტების აღზევებას ასახელებენ.
მათი თქმით, პოპულისტური ძალების დღის წესრიგში „ნაციონალურ სულთან დაკავშირება“ და „დაკარგული იდენტობის აღდგენა“ მთავარ ადგილს იკავებს. წერილის ავტორები ამ მოწოდებებით გამოსულ პოლიტიკოსებს „ცრუ მქადაგებლებს“ უწოდებენ, რომელთა ერთადერთი მიზანი ყურადღების ცენტრში მოქცევაა.
„კონტინენტი მოწყვლადია კრემლის მხრიდან უფრო თამამი ჩარევების წინაშე. ევროპის იდეა ჩვენს თვალწინ იშლება“, – წერენ ავტორები.
მათივე განცხადებით, ერთადერთი ძალა, რომელიც ტოტალიტარიზმს წინ აღუდგება, გაერთიანებული ევროპაა. „ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ევროპის იდეისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიხილავთ მის დაღუპვას პოპულიზმის ტალღებში“, – ნათქვამია წერილში.
Guardian-ი აღნიშნავს, რომ ანალიტიკოსების უმეტესობა მაისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებში პოპულისტების, ნაციონალისტებისა და იმიგრაციის მოწინააღმდეგე პარტიების წარმატებას პროგნოზირებს. პუბლიკაციაში მოყვანილია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელშიც ვიქტორ ორბანი ევროპარლამენტის არჩევნებს უწოდებს შანსს, რომ „ევროპა ლიბერალურ დემოკრატიას დაემშვიდობოს“.