19 სექტემბერს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ქალაქ ხაბაროვსკში კიდევ ერთხელ გაიმართა დაკავებული გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდამჭერი, მთავრობის საწინააღმდეგო აქცია.
უკვე მე-11 კვირაა, რაც მომიტინგეები პუტინის მიერ ადგილობრივი პოლიტიკური კრიზისის მართვას აპროტესტებენ. მათი ნაწილი ამბობს, რომ პუტინის მთავრობისადმი ნდობა დაკარგეს და მის გადადგომას მოითხოვენ.
ხაბაროვსკში ნავალნის შტაბის Twitter-ის გვერდი აქციიდან ავრცელებს ვიდეოს, სადაც ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის “სიხარულის ოდის” პრელუდიიდან მონაკვეთი, იგივე ევროპის ჰიმნი ისმის და მომიტინგეები ტაშს უკრავენ.
“ამ ვიდეოს შემდეგ, ინტერნეტი, შესაძლოა, გააჩერონ. აი, ასე უნდა გამოიყურებოდეს ნამდვილი მიტინგი. არ დაგავიწყდეთ ხმის ჩართვა.” – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.
Не знаем, кому пришла в голову идея сорвать митинг музыкой Бетховена, но гениальность этого человека не знает границ pic.twitter.com/QcKFsOevHW
— Навальный | Хабаровск (@navalny_khv) September 19, 2020
“გერმანელები ნავალნის კომიდან გამოიყვანენ, ხოლო ხაბაროვსკი – რუსეთს”, “ქალაქს ბოდიში მოუხადეთ, ჩვენი ქვეყანა გასაჭირშია”. – ვკითხულობთ მომიტინგეების ბანერებზე.
აქციაზე ასევე გაიძახდნენ ისეთ სლოგანებს, როგორიცაა “პუტინი ქურდია”, “პუტინ, მოხუცო, დალიე ნოვიჩოკი”, “ერთიანი რუსეთის პარტია ნაგვის ურნაში”, “ვოვა, დალიე ჩაი, ხაბაროვსკი გპატიჟებთ”.
«Жулики и воры — пять минут на сборы» pic.twitter.com/USzyBNpNNr
— Навальный | Хабаровск (@navalny_khv) September 19, 2020
დაკავებული გუბერნატორი, სერგეი ფურგალი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია, რომელმაც გუბერნატორის არჩევნებში მმართველი ძალის, “ერთიანი რუსეთის” კანდიდატი დაამარცხა. მას 2004-05 წლებში ბიზნესმენების მკვლელობების ორგანიზება ედება ბრალად. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ფურგალის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივებით აღიძრა.
გასულ კვირებში გამართული აქციების შემდეგ, ფურგალის ადვოკატმა მომიტინგეებს მოუწოდა, რომ მისი მხარდამჭერი აქციები აღარ გამართონ. როგორც ადვოკატმა მედიას უთხრა, გუბერნატორი ხალხის მხარდაჭერას აფასებს, მაგრამ არალეგალურ შეკრებებს არ ემხრობა.
ივლისის ბოლოს პუტინმა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დაასახელა მიხაილ დეგტიარიოვი, მაგრამ მომიტინგეებს მის მიერ წამოყენებული კანდიდატურა არ მოსწონთ, რადგან მას რეგიონთან კავშირი არა აქვს და დეგტიაროვის გადადგომას მოითხოვენ.
30 ივლისს პუტინის მიერ დანიშნული გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ირწმუნებოდა, რომ ხაბაროვსკის აქციებზე პროვოკატორები საქართველოდან არიან.
ცენტრ Levada-ს გამოკითხვით, რუსების 45% ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთში, ხაბაროვსკის აქციების მონაწილეებს პოზიტიურად უყურებს, 17% – ნეგატიურად, 26%-ის შეხედულება ნეიტრალურია, ხოლო 11%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.
ცენტრის მიერ ჩატარებულმა კიდევ ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 23% ასახელებს პუტინს პოლიტიკოსად, რომელსაც ენდობიან.