მნიშვნელოვანისიახლეები

ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ

“ხელი ჩავკიდოთ გამარჯვებისთვის!” – ამ ლოზუნგით თბილისში, ევროპის მოედანზე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ისევ შეიკრიბნენ და „აგენტების კანონი“ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

ხელებძაკიდებულმა ახალგაზრდებმა მოედანს წრე შემოარტყეს და ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს.

„არ ვშინდებით, არ ვიღლებით – ვიბრძვით. გელოდებით აქცია-პერფომანსზე,ჩვენი მომავლის დასაცავად! ჩვენ ერთად დგომით გავიმარჯვებთ!” – დაწერეს აქციის ორგანიზატორებმა.

სტუდენტების განცხადებით, პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ მთავრობა მათ ხმას არ გაიგონებს.
გარდა ამისა, თბილისში, 17:00 საათზე, აღნიშნული კანონის წინააღმდეგ შეკრებას სამოქალაქო საზოგადოება ვაჟა-ფშაველას გამზირზე, არქივთან გეგმავს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მათი მიზანია, რომ ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა, პეკინის გამზირები და ასევე, გაგარინის მოედნის პარალიზება მოახდინონ.

ევროპის მოედანზე მობილიზებულია პოლიცია.
ცოცხალი ჯაჭვის შემდეგ დაგეგმილია მსვლელობა საქართველოს და ევროკავშირის დროშებით, ბოლოს კი, საღამოს რვა საათზე, აქციის მონაწილეები უკვე ტრადიციულად, პარლამენტის წინ შეიკრიბებიან და „აგენტების კანონის“ მიღებას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო, წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. აღნიშნულ კანონს გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

მსგავსი პოსტები

Back to top button