მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროპული ორგანიზაციები EU-ის ლიდერებს მოუწოდებენ, მაგნიტსკის სია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე გავრცელდეს

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ევროპული ორგანიზაციები ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებენ, მაგნიტსკის სია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე გავრცელდეს.

წერილს, რომლის ადრესატებიც: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში ოლოფ სკუგი არიან, ხელს 20-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს.

მათი შეფასებით, ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის ოლიგარქის გუნდის წევრებზე გავრცელებით, ევროკავშირმა საქართველოში ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს უნდა უპასუხოს.

როგორც ორგანიზაციები აღნიშნავენ, რუსული კანონი საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ცალკეული აქტივისტების ფუნქციონირებას.

ორგანიზაციებს მაგალითად რუსეთში მოქმედი უცხოური აგენტების შესახებ კანონი მოჰყავთ, რომელიც მათი თქმით, გამოიყენება სამოქალაქო საზოგადოების შესუსტებისა და განსხვავებული აზრის ჩასახშობად.

“საქართველოს მთავრობამ უპირობოდ გააუქმოს რეპრესიული კანონპროექტი და განაახლოს მუშაობა დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგისკენ, რომელიც დეტალურად არის აღწერილი ევროკომისიის ცხრა ნაბიჯით;

სპეცრაზმისა და უსაფრთხოების ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და სამოქალაქო აქტივისტების ძალადობრივი დარბევის ფონზე ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ოლოფ სკუგმა მოაწყოს ვიზიტი საქართველოში;

ევროკომისიამ, ევროსაბჭომ, ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა განიხილონ მის ხელთ არსებული საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტები – პირველ რიგში უარყოფითი პირობითობის ზომები – მათ შორის ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმი საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად”, – წერია განცხადებაში.

ამასთან, ორგანიზაციები ევროკავშირს მოუწოდებენ გააძლიერონ საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა და გაერტიანებამ უზრუნველყოს რაც შეიძლება ფართო შემადგენლობის სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნა საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

* “მაგნიტსკის სიის” ევროპული ანალოგი 2020 წელს შეიქმნა. ის გულისხმობს სამოგზაურო შეზღუდვებს იმ ადამიანების წინააღმდეგ ვინც ჩართულნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში და ითვალისწინებს საბანკო ანგარიშების დაბლოკვას.

წერილს ხელს აწერენ:

European Partnership for Democracy
Westminster Foundation for Democracy
Political Parties of Finland for Democracy – Demo Finland
The Netherlands Institute for Multiparty Democracy
Danish Institute for Parties and Democracy
Article 19
Association for Democracy Assistance and Human Rights
Netherlands Helsinki Committee
Brot für die Welt
International Partnership for Human Rights
Human Rights Without Frontiers
Eastern Partnership Civil Society Forum
Protection International
ILGA-Europe
International Planned Parenthood Federation European Network (IPPF EN)
International Federation for Human Rights – FIDH
International Rehabilitation Council for Torture Victims
Free Press Unlimited
Club de Madrid
Democracy Reporting International

„მაგნიტსკის აქტი“ აშშ-ის კონგრესმა 2012 წელს მიიღო. ანალოგიური აქტი აქვს დიდ ბრიტანეთს, კანადასა და ლიტვას. „მაგნიტსკის აქტი“ ითვალისწინებს ეკონომიკურ და სავიზო სანქციებს იმ პირთა წინააღმდეგ, ვისაც კავშირი აქვს კორუფციასთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან.

აქტს სახელი იურისტ სერგეი მაგნიტსკის ხსოვნის პატივსაცემად დაერქვა. მაგნიტსკი, რომელმაც რუსეთის ბიუჯეტში კორუფციული სქემა გაშიფრა, მოსკოვის ციხეში 2009 წელს გარდაიცვალა. ხელისუფლებამ ის გადასახადების დამალვაში ცნო დამნაშავედ.

მსგავსი პოსტები

Back to top button