მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროპული ქვეყნების საგარეო კომიტეტების ხელმძღვანელები რუსთაველზე აქციაზე მივიდნენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ.
მათ შორის, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი და ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი. ისინი სიტყვით გამოვლენ და ანტირუსული აქციის მონაწილეებსა და ქართველ ხალხს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.
შეგახსენებთ, ფინეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ჩეხეთის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები მეორე დღეა თბილისში იმყოფებიან.

“ძვირფასო ქართველო ხალხო! თქვენ გვერდით ვართ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში,” – ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა X-ზე წერს.
“ძვირფასო ქართველო ხალხო! გისმენთ და თქვენ გვერდით ვართ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. არავის აქვს უფლება, წაგართვათ თქვენი ევროპული ოცნება. არავის აქვს უფლება, ჩააჩუმოს ხალხის ნება, რომ იცხოვრონ EU-ის ღირებულებებით,” – წერს ნაუსედა.

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, კურსი შეცვალოს და კანონპროექტი გაიწვიოს, – ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის ევროპის საკითხებში მინისტრი, ნუსრატ განი ავრცელებს.
“სცენები საქართველოში შოკისმომგვრელია – და როგორც საქართველოს მეგობრები, ყველა მხარეს მოვუწოდებთ, სიმშვიდისკენ და თავშეკავებისკენ.
დღეს საქართველოს პარლამენტმა კვლავ მხარი დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს. როგორც ჩვენი პარტნიორები, დიდი ბრიტანეთი მკაცრად ეწინააღმდეგება ამ კანონპროექტის მიღებას.
ეს კანონპროექტი და მისი თანმდევი დემონსტრანტების მართული დაშინება არ შეესაბამება ნატოს ასპირანტი ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებიდან გადახვევის ფუნდამენტურ რისკს ქმნის.
როგორც საქართველოს ელჩს ვუთხარი დღეს აქამდე საუბრისას, ღრმა შეშფოთებით ვუყურებთ. ახლა საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ კურსი შეცვალოს და ეს კანონპროექტი გაიწვიოს”, – წერს განი.

“თუ ეს კანონი დარჩება ისე, როგორც დღეს არის და გაგრძელდება ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, აშშ-ის მხრიდან იქნება შეზღუდვები ფინანსური და მგზავრობის კუთხით”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი თბილისში, ოფიციალური შეხვედრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საუბრობს.
“თუკი ეს კანონი დარჩება ისე, როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში EU-ს სტანდარტებთან, თუკი დავინახავთ, რომ არის დემოკრატიის შესუსტება და ძირის გამოთხრა, ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან იქნება შეზღუდვები, პირველ რიგში, ეს შეზღუდვები იქნება ფინანსური, მეორე შემთხვევაში ეს შეზღუდვები შეეხება მგზავრობასაც, კონკრეტული ადამიანების მიმართ, ვინც არიან პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე”, – ამბობს ჯიმ ო’ბრაიენი.

“საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული [რუსული] კანონი შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან და ღირებულებებთან”, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩი X-ზე წერს.
“საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული “უცხოელი აგენტების კანონი” შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან და ღირებულებებთან.
ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა გულწრფელი დისკუსიისთვის.
ამავდროულად, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას”, – წერს ედგარ რინკევიჩი.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” უმრავლესობამ, საზოგადოების მასშტაბური პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის ფონზე, რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 30 წავიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button