მნიშვნელოვანისიახლეები

კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის ინციდენტები-პრემიერი ქაცარავაზე

ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი საქართველოს პარლამენტის შენობასთან "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა

კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის ინციდენტები და კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ მოთმინებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დავით ქაცარავას ცემასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფის და გინების ფაქტს, თუმცა ეს გამართლება არ არის და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს მაქსიმალური მოთმინება მართებთ.

ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ იყო რუსეთის დაკვეთა დავით ქაცარავას ცემა, ვინაიდან ის რუსეთს აღიზიანებს, პრემიერმა უპასუხა, რომ არ ფიქრობს, რომ ქაცარავა რუსეთში ვინმეს აღიზიანებს.

„არ მგონია, რომ რუსეთს საერთოდ აღიზიანებდეს დავით ქაცარავა. თუ ვინმე აწყობდა პროვოკაციებს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ინტერესებს, ე.წ საზღვართან, გამყოფ ხაზთან, ეს იყო სწორედ დავით ქაცარავა. ძალიან მალე მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, დავით ქაცარავა წავიდა რუსეთში, სადაც მონაწილეობდა ფილმებში, მათ შორის ასრულებდა FSB-ს აგენტის როლს რუსეთის ფედერაციაში და უცბად შემდეგ გახდა ანტირუსი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ მგონია, რომ ქაცარავა აღიზიანებდეს ვინმეს რუსეთში. რაც შეეხება ამ ფაქტს, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის ინციდენტები და კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ მოთმინებისკენ. ამ შემთხვევაში იყო შეურაცხყოფის ფაქტი, გინების ფაქტი. ეს არ არის გამართლება, ამას არ ვამბობ, მაგრამ როდესაც არის თუნდაც შეურაცხყოფა და ძალადობა, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს მართებთ მაქსიმალური მოთმინება. ეს არის კიდევ ერთხელ ჩემი მოწოდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი 14 მაისს, საქართველოს პარლამენტის შენობასთან “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელს სავარაუდოდ პოლიციელებმა სცემეს დაკავების შემდეგ.

მისი დაკავების კადრებში ჩანს, რომ დავით ქაცარავა აქციის სხვა მონაწილეებს შორის იდგა და სხვებს ელაპარაკებოდა, როცა სპეცრაზმის რიგებიდან რამდენიმე ადამიანი ერთდროულად მოწყდა და გამოიქცა მისი მიმართულებით – ყველა მათგანს სახე შავი ნიღბებით ჰქონდათ დაფარული.

დავით ქაცარავას ცოლი, სოფო ხაჭაპურიძე ამბობს, რომ დაკავების შემდეგ მის ქმარს „თავში ურტყეს”. მასთან ქაცარავას კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაარეკინეს უცხო ნომრიდან და როგორც ქალი ამბობს, ხმაც კი ძალიან შეცვლილი ჰქონდა.

დავით ქაცარავას ცემის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 მაისს გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით. 14 მაისის აქციაზე პოლიციამ 13 ადამიანი დააკავა – ყველა მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. დაკავებულთა შორის არის 2023 წლის მარტის აქციების მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი – ის დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე პარლამენტის შენობასთან აღმართულ რკინის ჯებირებზე ხელის რტყმით გამოხატავდა პროტესტს.პოლიციამ აქციის წევრების დაკავება წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო. სპეცრაზმმა რამდენიმე წუთში გაწმინდა პარლამენტის წინ ტერიტორია დემონსტრანტებისგან.

საქართველოს პარლამენტმა “რუსულ კანონად” წოდებული სადავო კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს მიიღო – მას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

“აგენტების კანონის” წინააღმდეგ საქართველოში თითქმის ერთი თვეა აქციები იმართება – საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამ კანონის მიღება და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button