მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“ევროპული საქართველო” აჭარის ტელევიზიის ბორდს მიმართავს

“ევროპული საქართველო” აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს აყენებს. პარტიის ლიდერები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრს, თამარ წილოსანს მიმართავენ.

გიგა ბოკერიას თქმით, წილოსანი, რომელიც დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტითაა წარდგენილი, დუმს, რაც ტელევიზიაში არსებული პროცესებისთვის ფაქტობრივ მხარდაჭერას ნიშნავს.

პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, რაც აჭარის ტელევიზიაში ხდება, კიდევ ერთი ნათელი დასტურია, თუ როგორ ცდილობს ივანიშვილი დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებას.

“სიმბოლოდ იქცა, რაც აჭარის ტელევიზიაში ხდება იმის, თუ როგორ ცდილობს ივანიშვილი ჩაახშოს, სადაც ამის შესაძლებლობა აქვს, პლურალიზმი და სახელმწიფოსა და ხელისუფლების პროპაგანდის ორგანოდ აქციოს ეს. ისეთი ადამიანი აღმოჩნდა ჩვენგან წარდგენილი, რომელიც ამდენი ხანი ვერ აფიქსირებს პოზიციას, რაც ფაქტობრივად, ნიშნავს მხარდაჭერას ამ დირექტორის. ეს ძალიან სამწუხაროა.” – ამბობს ბოკერია.

ოპოზიციის შეფასებით, წილოსანმა და ბორდის სხვა წევრებმაც, დაუყოვნებლივ უნდა დააფიქსირონ მკაფიო პოზიცია.

მოისმინეთ გიგა ბოკერიას და “ევროპული საქართველოს” აჭარის რეგიონული ორგანიზაციიდან, პეტრე ზამბახიძის ხმები.

“ევროპული საქართველოს” განცხადებას დღესვე გამოეხმაურა აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტი. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“მიგვაჩნია, რომ ბატონი გიგა ბოკერიას განცხადება არის იმის დასტური, რომ რასაც ამ დღეების განმავლობაში მაუწყებელი მიუთითებდა, რომ “ევროპული საქართველოს” ორგანიზებულია მაუწყებლის წინ ერთი ადამიანის შიმშილობა, რომელიც პირდაპირ კავშირშია “ევროპულ საქართველოსთან” და ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, იმის რომ დირექტორის გადაყენება პირდაპირ კავშირშია მაუწყებლის ხელში ჩასაგდებად.

“სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტელევიზია და რადიოს ხელმძღვანელობა კატეგორიულად მოითხოვს ყველა პოლიტიკური ძალისგან შეწყდეს ზეწოლა, რათა მაუწყებელმა შეძლოს ნორმალურ გარემოში ფუნქციონირება, საქართველოს სახალხო დამცველს კიდევ ერთხელ მივმართავთ და ვთხოვთ, გაარკვიოს და გამოააშკარავოს ის პოლიტიკური სუბიექტები, ვინაც ცდილობს ზეწოლა და გავლენა მოახდინოს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოზე.” – წერია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button