მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

მოსამართლემ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა

რაც მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებს მურუსიძე, ჩინჩალაძე, ფარცხალაძე, ივანიშვილის ხელისუფლება, მით უფრო ძალიან მალე და მტკივნეულად დამარცხდებიან, – ამის შესახებ გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მიღება არ სურდა და მან პროტესტის ნიშნად დარბაზიდან გაყვანა მოითხოვა. მანამდე კი, მან მოსამართლეს მიმართა.

მოისმინეთ დავით კირკიტაძის ხმა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკავებულის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა. პროკურორის განმარტებით, კირკიტაძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.

დაცვის მხარე კი, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას მოითხოვდა.

დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა თავის შუამდგომლობაში ორ ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება, რის მიხედვითაც, კირკიტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა.

ადვოკატის თქმით, დავით კირკიტაძე სხვა საქმეზე, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული, გამართლდა. ის ნასამართლევი არ არის. ასევე, ადვოკატი განმარტავდა, რომ კირკიტაძე მოწმეებზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს, რადგან საქმეში არსებული მოწმეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, პოლიციელები არიან. ადვოკატმა სასამართლოს ალტერნატივის სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაოც შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კირკიტაძე და გუსაევი ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button