გააღე და ნახავ – ლია კამლაძის ბლოგი
დაახლოებით ღამის ორ საათზე აბაზანიდან გამოვედი და… ზარის ხმაც გაისმა…
მოულოდნელობისგან შევხტი, თანაც მახსოვს რომ შუაღამეა…
ფეხაკრეფით მივედი კართან და სათვალთვალოში გავიჭყიტე.
ცოტა არაპროპორციულად კი ჩანდა, მაგრამ კარგად გავარჩიე ათლეტური აღნაგობის, ბერძნული პროფილის, აპოლონი, დავითი თუ რაც გნებავთ…ხელში შამპანურის ბოთლი და პერანგის ყველა ღილი გახსნილი…
გულს (ჩემსას), ბაგა-ბუგი გაუდის… ხმა გავინაზე (ცოტა შეშფოთების ელფერიც მივეცი). ,,ვინ არის” – დავსვი ბუნებრივი შეკითხვა. ,,გააღე და ნახავ”- ორიგინალური პასუხია, ვერაფერს იტყვი…(ლამის სათვალთვალოს შევეზარდე)
ძალიან ვწუხვარ, რომ ღამეა და თან თავზე პირსახოცი მაქვს შემოხვეული (სხვა შემთხვევაში, დაუფიქრებლად გავაღებდი კარს)…
,,ვინ გნებავთ?”- ძლივს მოვაბი თავი ახალ შეკითხვას…,
,აპოლონს” აშკარად არ მოსწონს მოვლენების ამგვარი განვითარება, ცოტა ირწევა, ნასვამია…
ორი ნაბიჯით უკან იხევს, ხელებს შლის და ხმამაღლა ყვირის ,,გამიღეეე”…
ვაიმეეე…ჩემი ნალოლიავები რეპუტაცია (მეზობლების თვალში), საფრთხის ქვეშაა…რა ვქნა?!…
ერთი პირობა ტელეფონით მეზობელთან დარეკვა დავაპირე, მერე გამახსენდა შუაღამეა…
და აქ ბომბივით გასკდა: ,,რუსააა”-დასჭექა და…ყველაფერი დღესავით ნათელი გახდა…ჩემი კოლეგა და ერთი სართულით ქვემოთ მცხოვრები მეზობლის სტუმარი იყო…
კარებს მოვშორდი და ახლა უკვე სულ სხვა ხმით და ინტონაციით გავძახე: ,,ერთი სართულით ქვემოთ”…წამში დამეკარგა ინტერესი…
მეორე დღეს სამსახურის დერეფანში მეზობელ-კოლეგას შევხვდი. ,,რა კარგი სტუმარი გყავდა წუხელ”… ,,ჩემზე ადრე შენთან იყო და თუ მოგეწონა, დაგეტოვებინა”-ო – ესეც, პასუხი…