მნიშვნელოვანირეგიონი

გაათავისუფლეს თუ არა პანკისელები ხმების სანაცვლოდ?

ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების,მათზე ძალადობისა და ფულის გამოძალვის საქმეზე ბრალდებული ოთხი პანკისელი ახალგაზრდა, პატიმრობიდან გაანთავისუფლეს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაქარ ფარეულიძეს, ზელიმხან აჭიშვილს, ისლმა დუიშვილსა და ზელიმ ბაკაევს, 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ინფორმაცია რადიო ჰერეთს, ბრალდებულების ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემაც დაუდასტურა, თუმცა დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემაზე, მან უარი განაცხადა.

“გიდასტურებთ, რომ გაანთავისუფლეს, მაგრამ დამატებით კითხვებზე ვერ გიპასუხებთ. ყველა საქმეში ყოველთვის ვცდილობ ჟურნალისტებთან თანამშრომლობას. უბრალოდ, აქ, სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე ჯერჯერობით ბევრ დეტალზე ვერ ვსაუბრობ, რადგან არ მსურს ეფექტური დაცვის ინტერესების დაზიანება”- განაცხადა კაკაბაძემ.

ახალგაზრდების გირაოთი განთავისუფლების საკითხზე, საუბარი არ ისურვა, ერთ-ერთი ბრალდებულის ძმამ, ბიზნესმენმა ვახტანგ ფარეულიძემ.

“ვერაფერს გეტყვით, ახლა კლინიკაში ვარ და არ მაქვს ინფორმაცია”- განაცხადა ფარეულიძემ.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, სწორედ ვახტანგ ფარეულიძის ორგანიზებით ჩატარდა პანკისის ხეობაში, საპროტესტო აქცია, სადაც ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცებაში, ძალადობასა და ფულის გამოძალვაში ბრალდებულების განთავისუფლებას ითხოვდნენ.

“მე მიმიწვიეს ფარეულიძეების აქციაზე და მივედი. პირველ რიგში, მოვუწოდე მათ მშვიდობისკენ და იქვე განვაცხადე, რომ დავლოდებოდით გამოძიებას და სამართალდამცავებს. არანაირი შუამდგომლობა, ან რამე სახის ჩარევა, ჩემი მხრიდან არ ყოფილა. ეს არის, სასამართლოს გადაწყვეტილება და ალბათ, ადვოკატის აქტიურობის შედეგი, რის საშუალებასაც მათ კანონი აძლევს”- განაცხადა რადიო ჰერეთთან ირაკლი ქადაგიშვილმა.

ოთხი პანკისელი ახალგაზრდა, ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების ბრალდებით, 19 სექტემბერს დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 1 თებერვალს ჩატარდება.

 

წაიკითხეთ ასევე:

ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების საქმეზე დაკავებული პირები პანკისელები არიან

 

მსგავსი პოსტები

Back to top button