მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

გაბუნიას მკვლელობის მზადება – ახალი დეტალები და შეფასებები

გენერალი შაიტანოვი და გაბუნიაზე თავდასხმის მზადება

 

გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის მზადების შესახებ უკრაინელი სამართალდამცავების მიერ რამზან კადიროვთან კავშირში ეჭვმიტანილი გენერალის დაკავების შემდეგ გახდა ცნობილი. – საქმის ახალ დეტალებს “მთავარ არხს” ყოფილი სამხედრო, ვანო ნადირაძე უყვება.

ვანო ნადირაძის ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული სამსახურის ხელმძღვანელი გენერალი შაიტანოვი მხილებულ იქნა რამზან კადიროვთან კავშირში.

heretifm.com გენერალ ვალერი შაიტანოვის დაკავების შესახებ 14 აპრილს იუწყებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, მას კადიროვისა და პუტინის მოწინააღმდეგის შეკვეთილი მკვლელობის მომზადებაში 1 მილიონი დოლარი ჰქონდა აღებული. გენერალი შაიტანოვი უკრაინაში აპრილის დასაწყისში დააკავეს. სწორედ ამ სპეცოპერაციების შედეგად გახდა უკრაინელი სამართალდამცავებისთვის ცნობილი გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის საქმის შესახებ, რაც მოგვიანებით, ქართველ კოლეგებს აცნობეს.

“მას ჰქონდა დავალებული ადამ მუსაევის მკვლელობა. ადამ მუსაევი ერთ-ერთი პატრიოტი ჩეჩენია, რომელიც აქტიურ წინააღმდეგობას უწევს კადიროვს და პუტინს. სწორედ გენერალ შაიტანოვის დაკავების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ გიორგი გაბუნიაზე მზადდებოდა თავდასხმა.” – ამბობს ვანო ნადირაძე.

ბოკოვი, რომელიც ქართველი ჟურნალისტის მკვლელობას გეგმავდა, ქვეყანაში დაახლოებით ოთხი თვის წინ შემოვიდა. იგი საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებოდა.

 

“თურმე, მილიონი ღირებულა ჩემი სიცოცხლე”

 

როდის დაიგეგმა სპეცოპერაცია დაქირავებული მკვლელის დასაკავებლად და როდის შეამჩნია გიორგი გაბუნიამ, რომ მას უთვალთვალებდნენ, ამ და სხვა დეტალებზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ტვ პირველი ეთერში ისაუბრა.

გაბუნიამ თქვა, რომ მისი სიცოცხლე მილიონად იყო შეფასებული და რომ მკვლელს, მისი ინფორმაციით, ფულიც კი ჰქონდა აღებული.

„მეც საინფორმაციო გამოშვებიდან გავიგე, რომ უკრაინაში მოხდა თურმე პირველად დაკავება აპრილში და შემდეგ გახდა ცნობილი, რომ თურმე, მილიონი ღირებულა ჩემი სიცოცხლე და ამ ადამიანს თურმე, თანხაც კი ჰქონდა უკვე აღებული, რომ ჩემი ლიკვიდაცია მომხდარიყო.

“მე ვვარაუდობ, რომ რადგან სპეცსამსახურია ჩართული, ალბათ, ოფიციალურად გადმოუგზავნიდნენ ქართულ მხარეს ამ ინფორმციას. ცხადია, ტელეფონით არ ისაუბრებდნენ. ეს არ იყო ორ დღეში დაგეგმილი სპეცოპერაცია, ეს თვეები გრძელდებოდა. ალბათ, ყველაფრის გამოქვეყნება არ შეიძლება, მაგრამ როგორც მინიმუმ, იმ თქმა არის საჭირო, თუ რა ხდება ქვეყანაში.” – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, თვალთვალი დაცვამ შეამჩნია, რის შემდეგაც დაცვის გაძლიერება მოხდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ სახლის ყველა შესასვლელთან მანქანები და უცხო ადამიანები ტრიალებდნენ.

„დაცვამ შეამჩნია ჩემზე თვალთვალი და სწორედ ამიტომ მოხდა დაცვის გაძლიერება. დაცვა ხედავდა, რომ ჩემს სახლთან მუდმივად იდგა რამდენიმე მანქანა. სახლთან რამდენიმე გასასვლელია და ყველგან იდგა. იყო საეჭვო მანქანები და მუებნებოდნენ, რომ მითვალთვალებდნენ. იღებდნენ სურათებს და ა.შ.”

გაბუნია ფიქრობს, შეუძლებელია, ქილერს მარტო ემოქმედეა.

„ის ადამიანები, ვინც ჩემს სახლთან ტრიალებდნენ, არ ვიცი ვინ იყვნენ, იყო ეს უკვე სუსი, ქართული მხარე თუ ქილერების ჯგუფი, თუმცა ფაქტია, თვალთვალი მიდიოდა.“ – განაცხადა ტელეწამყვანმა.

 

ხელისუფლება: “ისტერია გაბუნიასაც არ დაუკლია”

 

ქართული ოცნების წევრი რომან კაკულია გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ “ისტერია გაბუნიასაც არ დაუკლია არავის მიმართ.”

“ეს საკითხი ბოლომდე არ ვიცი.

“ისტერია, მგონი, გაბუნიასაც არ დაუკლია არავის მიმართ, ამიტომ, ვერ გეტყვით, რასთან გვაქვს საქმე.

“ყველა ინფორმაცია თუ არ გაქვს, დასკვნის გაკეთება საკმაოდ რთულია.” – ამბობს რომან კაკულია.

“დღევანდელი მსოფლიო, სამწუხაროდ, არის მოწყვლადი ასეთი ტიპის ადამიანების მიმართ და საქართველო არაა გამონაკლისი. სამწუხარო ფაქტია, რა თქმა უნდა.” – ეს განცხადება კი, დეპუტატმა გააკეთა კითხვაზე, თუ როგორ გადმოკვეთა დაკავებულმა ეთნიკურად ჩეჩენმა რუსეთის მოქალაქემ საზღვარი.

მოისმინეთ რომან კაკულიას ხმა.

 

ოპოზიციის შეფასება

 

“მოვუწოდებთ მთავრობას, გასაჯაროვდეს ამ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია. დადგინდეს შემსრულებელი და ორგანიზატორი, ასევე დამკვეთიც”.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე გიორგი გაბუნიას მხარდაჭერას უცხადებს და მთავრობას მოუწოდებს, მოკავშირე ქვეყნების ჩართულობით, მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიონ საქმე.

“გუშინ ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ ვინმე ბოკოვი, ერთ ერთი წამყვანი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლების პირობებში, ქვეყანა ტერორისტების სათარეშოდ გადაიქცა. შესაბამისი უწყებები კი, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებით იყვნენ დაკავებულნი, ოპოზიციას დევნიან.

“უსაფრთხოების სისტემა მოშლილია და ამაზე მეტყველებს ჩატაევის და რამდენიმე კვირის წინ ბათუმში თურქეთის მოქალაქეების დაკავებაც.

“სოლოდარობას ვუცხადებთ გიორგი გაბუნიას და მოვუწოდებთ მთავრობას, გასაჯაროვდეს ამ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია. დადგინდეს შემსრულებელი და ორგანიზატორი, ასევე დამკვეთიც. დააფიქსიროს მკაცრი პოზიცია ხელისუფლებამ. მოვითხოვთ, გამოძიებაში ქართულმა მხარემ ჩვენი მთავარი მოკავშირეები ჩართონ.” – განაცხადა ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button