მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გაერომ რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ არსებული ვითარების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ არსებული ვითარების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში დოკუმენტირებულია ადამიანის უფლებების დარღვევა ორივე მხრიდან.

“4 ივლისის მდგომარეობით, ჩვენ დავადასტურეთ 4889 გარდაცვალების და 6263 დაჭრის შემთხვევა სამოქალაქო პირებში, თუმცა რეალური რიცხვები მნიშვნელოვნად მეტია“,- წერია გაეროს განცხადებაში.

მიშელ ბაჩელეტის თქმით, უკრაინაში დაღუპულთა დიდი რაოდენობა და ნგრევის მასშტაბები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და მიუთითებს იმაზე, რომ რუსი სამხედროების ქმედებები არ აკმაყოფილებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნებს. უმაღლესი კომისარი ასევე შეშფოთებულია, რომ უკრაინული ძალებიც სრულად არ იცავდნენ კანონს. მისი თქმით, არსებობს ცნობები უკანონო მკვლელობების თაობაზე და იზრდება მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ რუსეთის ძალებმა ჩაიდინეს საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევა. მისი თქმით, ორივე მხარის მიერ მოხდა მშვიდობიანი მოქალაქეების თვითნებური დაკავება, ხოლო შემზარავი ცნობები ორივე მხრიდან წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ, მათ შორის სამხედრო ტყვეების, კვლავაც შემოდის.

გარდა ამისა, როგორც მისია წერს, მხოლოდ ივნისში 361 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 1029-მა კი დაზიანება მიიღო.
კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ადამიანური დანაკარგების 98% გამოწვეული იყო ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით.

“მშვიდობიანი მოსახლეობა არასოდეს უნდა იყოს სამიზნე და ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების შენარჩუნებაზე. აუცილებელია მუდმივად დავიცვათ განსხვავებულობის, სიფრთხილისა და პროპორციულობის პრინციპები“, – წერია განცხადებაში

ბაჩელეტი აცხადებს, რომ დადასტურებულია დაღუპული ან დაშავებული 10 000 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის ან დაშავების ფაქტი და 335 ბავშვის დაღუპვა, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ დაღუპულთა რეალური რაოდენობა შეიძლება, ბევრად მეტი იყოს. ამასთან, დადასტურებულია 17 ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტი. ასევე, დადასტურებულია სექსუალური ძალადობის 28 შემთხვევა, რომელთა უმეტესობა რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მოხდა.

ანგარიში დაფუძლებულია გაერო-ს წარმომადგენლების 11 საველე ვიზიტზე, 517 ინტერვიუზე და დაკავების ცენტრებში სამ ვიზიტზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button