მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გახარჯული ათასობით ლარი და ისევ გაჩერებული ატრაქციონები “ნადიკვარზე”

თელავში ცნობილი პარკის რეაბილიტაციაზე რამდენიმე ასეული ლარი იხარჯება, თუმცა მესამე წელია “ნადიკვარზე” ატრაქციონები გაჩერებულია. ადგილობრივები თვლიან, რომ პარკის რეაბილიტაციაში დახარჯული ასობით ათასი ლარის ფონზე, გაჩერებული ატრაქციონების ასამუშავებლად თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ არაფერი იღონა.

” ამდენ ფულს ხარჯავენ და წლებია ატრაქციონები, რომლებითაც ჩვენი ბავშვები სარგებლობენ, გაჩერებული აქვთ. ამ უგემოვნო რეაბილიტაციაში ამდენ თანხას ხარჯავენ, ბავშვებისთვის კი, გასართობი ადგილები არ არის. მოვდივართ და ვდგავართ რიგში, ან მოვხვდებით, ატრაქციონზე, ან არა. ახლა სეზონი მოდის, პანდემიის პირობებში , ყველაზე საუკეთესო და უსაფრთხო ღია სივრცე, ეს პარკია. ამიტომ ბიუჯეტის უმიზნო ფლანგვის ნაცვლად, ჩვენს შვილებზე იზრუნონ”- განაცხადა რადიო ჰერეთთან ორი შვილის დედამ, ნატალია მრელაშვილმა.

პარკ ” ნადიკვრის” დირექტორი, გიორგი დაღუნდარიძე რადიო ჰერეთთან ადასტურებს, რომ პარკში განთავსებული ხუთი ატრაქციონიდან, ორი მწყობრიდან არის გამოსული.

” ატრაქციონებიდან ჩვენ ბუნებრივია, შემოსავალი გვაქვს. სეზონზე ბევრი ბავშვი მოდის. ორი ატრაქციონი არ მუშაობს. მესამე წელია, მწყობრიდან არის გამოსული. ჩვენ შესაბამისი თანხები ახლის შესაძენად არ გვაქვს.ამისთვის საჭიროა მერია დაგვეხმაროს”- განაცხადა დაღუნდარიძემ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი, დავით ქსოვრელიშვილი განმარტავს, რომ პარკი დამოუკიდებელ აიპის წარმოადგენს და საკუთარი შემოსავლები აქვს.

” ნადიკვარი” დამოუკიდებელი ერთეულია და საკუთარი შემოსავლები აქვს. თუ მას დამატებით თანხა სჭირდება იმისათვის, რაც საზოგადოებრივ ინტეტესს წარმოადგენს, უნდა მოგვმართოს. ამის შესაბამისად, ბიუჯეტში ცვლილება იქნება შესატანი. პროცედურა მარტივი არ არის, ამიტომ დროულად უნდა მოგვმართონ- ხოლმე. რაც შეეხება სარეაბილიტაციო თანხებს, ეს სულ სხვა პროექტია და ის იმ თანხებში უნდა დასრულდეს”- განაცხადა ქსოვრელიშვილმა.

პარკ ” ნადიკვრის” რეაბილიტაცია 2020 წლიდან მიმდინარეობს და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 317 ათასი ლარი დაიხარჯება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაო პროცესი 120 დღის განმავლობაში უნდა დაესრულებინა, თუმცა რეაბილიტაცია ჯერ არ დასრულებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button