საბელის ან ალიკაპის გარეშე ძაღლის ღია სივრცეში ყოლა 150 ლარით დაჯარიმდება

საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა ცვლილებებს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ რომლის თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში, – გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა.
წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა.
კანონში შეტანილი ცვლილებით იზრდება ჯარიმის ოდენობა თვითმმართველი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, მესაკუთრის დაჯარიმდება 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა.
ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა – გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 50 ლარისა.
ცვლილებების მიხედვით, გათვალისწინებულ იქნა გამონაკლისი, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებსა და გამოფენებზე, შესაძლებელია, ძაღლის საბელის, ან ალიკაპის გარეშე ყოლა.
დღესვე პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც ცხოველების წამებისა და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის დაწესებული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიდგომა უნდა შეიცვალოს და ჩვენ ამ საკანონმდებლო ცვლილებით ვქმნით მიდგომას და ამის შემდგომ შესაძლებელი იქნება, რომ პროკურატურამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეძლოს, რომ იშუამდგომლოს მათ შორის პატიმრობის გამოყენებით აღკვეთი ღონისძიების სახით კონკრეტული პირის მიმართ თუ კი ჩადენილი აქვს მას ისეთი სასტიკი მოპყრობა როგორიც არის მაგალითად არასრულწლოვნის თანდასწრებით, საჯაროდ, თუ ამან გამოიწვია ცხოველის დაღუპვა,” – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.