კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები

გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ლუკა სირაძემ 11 დეკემბერს, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, სირაძე გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციამ პოლიციას მიმართა. „მწვანე სკოლის“ ხელმძღვანელები აცხადებდნენ, რომ ლუკა სირაძე ღამის საათებში სკოლის ტერიტორიაზე შეიპარა და კედლებზე სხვადასხვა სახის, მათ შორის უხამსი წარწერები გააკეთა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2019 წლის 11 დეკემბერს, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სავარაუდოდ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა.

არასრულწლოვანს საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელსაც აღნიშნული ორგანო იძიებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება“, – აცხადებდა საია.

17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება ევალება, 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავა.

მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

ლუკა სირაძის ძმის, ბექა სირაძის განცხადებით, გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის განაჩენთან დაკავშირებით ოჯახის მოლოდინი გამართლდა. რაც შეეხება ჩოლოიანის მიმართ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრებას, ბექა სირაძის თქმით, ამ საკითხზე ოჯახი ადვოკატებთან გაივლის კონსულტაციას.

ველოდებოდი, რომ მიუსჯიდნენ მაქსიმალურ ვადას 5 წელს, თუმცა მიუსაჯეს სამი წელი. რაც შეეხება გასაჩივრებას, ადვოკატთან და პროკურორთან კონსულტაციას გავივლი და თუ ისინი საჭიროდ ჩათვლიან, გავასაჩივრებთ. ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ სამი წელი ცუდი არ არის, რადგან მარიანა ჩოლოიანის ადვოკატები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ მისი უდანაშაულობა და ამბობდნენ, რომ არ არსებობს საქმეში რაიმე სახის მტკიცებულება“, – განაცხადა ბექა სირაძემ.

მისი თქმით, არსებობს გარკვეული ფაქტები დანარჩენი პოლიციების მიმართაც, ვინც ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან არის დაკავშირებული და მათ წინააღმდეგაც გააგრძელებენ ბრძოლას.

ნახეთ ასევე ლუკა სირაძის დედის ინტერვიუ, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა:

მსგავსი პოსტები

Back to top button