გამოფენა ლაგოდეხის ბლუზის ფესტივალზე

29 ივლისს ლაგოდეხში ბლუზის ფესტივალის სტუმრებს საშუალება მიეცემათ, დაათვალიერონ არასამთავრობო ორგანიზაცია Nova Societas-ის მიერ მომზადებული გამოფენა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ქართველ ინტელექტუალთა თვალით დანახულ ევროპას ასახავს. გამოფენა მეცხრამეტე საუკუნის ქართული ჟურნალებისა და გაზეთების შესწავლისა და დამუშავების შედეგად მომზადდა.

როგორც გამოფენის ორგანიზატორები ამბობენ, კვლევის მიზანი იყო ქართულ ინტელექტუალურ და ყოველდღიურ ცხოვრებაში ევროპისადმი დამოკიდებულებების შესწავლა.

“თანამედროვეობისგან განსხვავებით მეცხრამეტე საუკუნის მედიაში ანტიევროპულ განწყობებს და მითებს ვერ შეხვდებით. ევროპას ამ პერიოდის ქართველი ინტელექტუალები უყურებდნენ როგორც განვითარების ერთადერთ სწორსა და მისაბაძ მოდელს, რაც კარგად ჩანს, მაგალითად, ალექსანდრე ჯამბაკურ–ორბელიანის სიტყვებში: „ევროპია არის ლამპარი მთელი ქვეყნისა, განმანათლებელი კაცის გონებისა, მეცნიერება მოსწავლეთა, სიბრძნე გამგეთა და სიკეთილე კაცობრიობისა. მეცხრამეტე საუკუნის ქართველების ევროპისადმი ერთმნიშვნელოვნი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ ევროპული არჩევანი თანამედროვე ქართველთა გამონაგონი არ არის. ევროპული არჩევანი არ არის მხოლოდ ჩვენი თანამედროვე გამოწვევებით ან უკეთესად – ევროპულად – ცხოვრების სურვილით ნაკარნახევი. ევროპული არჩევანი ჩვენი კულტურული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია. ამ მეხსიერების თვალნათელი დადასტურება კი მეცხრამეტე საუკუნის ქართული პრესის ფურცლებზეა”, – განაცხადეს გამოფენის ორგანიზატორებმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button