საქართველოსიახლეები

გამსახურდიას საქმეზე ბრალდებულის სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული ოთხი პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა.

სასამართლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვდა, ხოლო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას ითხოვდა.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მომდევნო სასამართლო სხდომა 14 მაისისთვის გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია გასული წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. აღნიშნულ საქმეზე დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კი 3 პირი. 5 პირიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 4-ს აქვს შეფარდებული.

ამჟამად, ცოტნე გამსახურდიას თურქეთის ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button