მნიშვნელოვანისიახლეები

ეს კვლევები 7-8-ჯერ გადამოწმდა დემოკრატიული არჩევნებით საქართველოში და გამოჩნდა რომ აცდენილი იყო რეალობას

ეს კვლევა აჩვენებს „რუსული ოცნების“ დასასრულს

გვახსოვს, რომ ეს კვლევები 7-8-ჯერ გადამოწმდა დემოკრატიული არჩევნებით საქართველოში და გამოჩნდა, რომ აცდენილი იყო რეალობას. ახლაც ერთად გადავამოწმებთ 2024 წელს ვის რა მხარდაჭერა აქვს საქართველოში,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.
თალაკვაძის შეფასებით, რაც შეეხება პოლიტიკურ რეიტინგებს, ნებისმიერ მათ მხარდამჭერს გაუჭირდება ამ შედეგების დაჯერება ისე, როგორც არის წარმოდგენილი.
„პირველ რიგში გვსურს ჩვენი პატივისცემა დავუდასტუროთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ჩვენს პარტნიორებს. ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს საქართველოსთან დაკავშირებით. რაც შეეხება პოლიტიკურ რეიტინგებს, აქ ცხადია, არათუ ჩვენ, პოლიტიკური გუნდის წევრებს, არამედ ნებისმიერ ჩვენს მხარდამჭერს გაუჭირდება ამ შედეგების დაჯერება და მიღება ისე, როგორც არის წარმოდგენილი. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, როდესაც დაშლის პირას არის და შიგნით გაყოფა/გადანაწილებით არის დაკავებული, უბრალოდ წარმოუდგენელია ამ რეიტინგითაც კი რომ იყოს ასახული საზოგადოების განწყობაში. შესაბამისად, რთულია ამასთან დაკავშირებით სიღრმისეული კომენტარის გაკეთება. ერთად გადავამოწმებთ 2024 წელს თუ ვის რამდენი მხარდაჭერა აქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“სახალისოა ეს კვლევა”, – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი IRI-ის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, მომდევნო შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19% “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, 14% კი – “ნაციონალურ მოძრაობას”. მაჭარაშვილის თქმით, კვლევაში აბსოლუტურად სუბიექტური მიდგომაა.
“სახალისოა ეს კვლევა, შეიძლება ასეც დავარქვათ, იმიტომ, რომ იმ ფონზე, როდესაც „ნაცმოძრაობაში“ ამ პარტიის პოლიტიკურ გარდაცვალებას თავად “ნაცმოძრაობის” ლიდერებიც კი აღიარებენ, 6%-დან 14%-მდე ამ პარტიის რეიტინგის აწევა რამ განაპირობა, ძალიან საინტერესოა. კვლევაში არის აბსოლუტურად სუბიექტური მიდგომა. IRI-ის პირდაპირი მიზანია, რომ უნდა, “ნაცმოძრაობა” იყოს პირველ ადგილზე, მაგრამ ესეც კი ვერ მოახერხა” – თქვა მაჭარაშვილმა.

ეს კვლევა აჩვენებს „რუსული ოცნების“ დასასრულს, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს.
როგორც ხაბეიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, კვლევის მიხედვით სხვა პარტიებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 7- ჯერ უსწრებს.
„გამოქვეყნდა ახალი კვლევა, რომელიც მარტის თვეში ჩატარდა. უკანასკნელ 3 თვეში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2.5 – ჯერ გაიზარდა. ნოემბრის კვლევით – 25 % ჰქონდა “ოცნებას” და ენმ – ს 6 % .
მარტის თვის კვლევით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს 14 % და „ოცნებას“ 19 % .
კვლევის მიხედვით სხვა პარტიებს ენმ 7- ჯერ უსწრებს .
ეს კვლევა, აჩვენებს რუსული ოცნების დასასრულს!
რუსმა ივანიშვილმა, ყველაზე კარგად იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იზრდება და ამიტომ აბსოლუტურად ყველა ხერხით გვებრძვის !
ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ასე ახლოს რუსული „ ოცნების დამარცხებასთან“ არასდროს ვყოფილვართ!
და ბოლოს … ტყვეობაში, ნაწამები, სიკვდილის პირას მიყვანილი სააკაშვილი, პირად რეიტინგში უგებს ბიძინა ივანიშვილს“, – წერს ლევან ხაბეიშვილი

ოპოზიციურ გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს. რაც უფრო დიდი იქნება ეს გაერთიანება, მით უფრო გარანტირებულია გამარჯვება. ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდეს „ქართული ოცნება“ დამანგრევლად დამარცხდებოდა, – ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე IRI-ის შედეგებს.
მისივე თქმით, როგორც კომუნისტური პარტია, რუსეთთან დაკავშირებული ბნელეთის ძალა ჩაბარდა ისტორიულ წარსულს, ზუსტად ასე ჩაბარდება „ქართული ოცნება“ ისტორიულ წარსულს,
„IRI-ის კვლევაში უმნიშვნელოვანესი შედეგებია. პირველი – საქართველოს მოქალაქეების პასუხი „ქართული ოცნების“ პრორუსულ, ღიად ანტიდასავლურ კამპანიას, რომ ისტორიულ მაქსიმუმზეა ასული ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობა.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხია „ქართული ოცნების“ რეიტინგის მკვეთრი ვარდნა, რაც მიუთითებს, რომ დიაგნოზი, რომ ის რუსეთთან დაკავშირებული ძალაა მკაფიო ხდება.
მესამე – ოპოზიციურ გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს. რაც უფრო დიდი იქნება ეს გაერთიანება, მით უფრო გარანტირებულია გამარჯვება. ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდეს „ქართული ოცნება“ დამანგრევლად დამარცხდებოდა. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემდეგ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დამარცხდება.
როგორც კომუნისტური პარტია, რუსეთთან დაკავშირებული ბნელეთის ძალა ჩაბარდა ისტორიულ წარსულს, ზუსტად ასე ჩაბარდება „ქართული ოცნება“ ისტორიულ წარსულს, რომელსაც არანაირი ღირებულებითი კავშირი არ აქვს საქართველოს მოქალაქეებთან“, – აღნიშნავს ვაშაძე.

დღეს გამოქვეყნებული კვლევა მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხება არც ისეთი ძნელია, როგორც ეს ვინმეს წარმოედგინა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა IRI-ის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.
გიორგი ბოტკოველის თქმით, პროევროპული პარტიების ერთობლივ ბრძოლას ალტერნატივა არ გააჩნია.
„ნებისმიერი კვლევა ადასტურებს იმას, რომ ყველა პროევროპული ოპოზიციური პარტიის ერთობლივ ბრძოლას ალტერნატივა არ გაჩნია, თუმცა ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ყველა პარტიამ აქტიურად უნდა იმუშაოს საკუთარი პოზიციის გამყარებისთვის და ის, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს კლება 19%-იანი რეიტინგით და „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა დანარჩენ პარტიებს 14%-იანი მატება, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხება არც ისეთი ძნელია, როგორც ეს ვინმეს წარმოედგინა“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

არანაირი საფუძველი, რომ ვენდოთ ამ აბსურდულ ბრტყელ ციფრებს, არ არსებობს, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ წევრი გივი მიქანაძე IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს.
მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ნეიტრალური თვალსაზრისით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, აშკარად მიხვდება, რომ ეს არის მიკერძოებული, სუბიექტური და ყოველგვარ საფუძველს გამოცლილი რეიტინგები.
„ამის მარტივი და ნათელი დადასტურებაა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ ვერანაირად მოემატებოდა მხარდაჭერა, პირიქით, კლებაში არის და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ეს თვითონაც კარგად იციან. ამის ძალიან მარტივი დამადასტურებელი არის მცდელობები, რომელიც სრული ფიასკოთი დამთავრდა, რადიკალური ოპოზიციის მცდელობები, რომ ჩაეტარებინათ სხვა და სხვა სახის აქციები, რეგიონებსა და ქალაქებში. ასევე, ის მთავარი ე.წ. აქცია, რომელიც მათ 9 აპრილს დაამთხვიეს ვნახეთ, რომ ეს იყო აბსოლუტურად ყველანაირი მოლოდინის გაწბილება მათთვის, თუმცა ეს არის რეალობა, ეს არის ქართული საზოგადოების პასუხი ამ რადიკალური ფრთის მიმართ და იმ პოლიტიკისა და მიზნების მიმართ, რომელმაც საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და საზოგადოება მიხვდა, თუ რა მიზნებს და მოტივებს ემსახურებიან ისინი. ამიტომ, IRI-კვლევაში წარმოდგენილი ციფრები აბსოლუტურად აცდენილია იმ რეალობას, რაც დღეს საზოგადოებასთან მიმართებაში არსებობს კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მხარდაჭერის კუთხით და რა თქმა უნდა, არანაირი საფუძველი, რომ ვენდოთ ამ აბსურდულ ბრტყელ ციფრებს, არ არსებობს“- განაცხადა გივი მიქანაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button