“გაზპრომთან დღეს მოქმედი ხელშეკრულება 2003 წელს გაფორმდა”
კომპანია „გაზპრომთან“ ახლახან გამართული სამუშაო შეხვედრით გამოწვეულ აჟიოტაჟს ზოგიერთი პოლიტიკოსის და პარტიის მიერ შექმნილი არაჯანსაღი ეიფორია უწოდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ.
მან თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „გაზპრომთან“ წლებია არსებობს ხელშეკრულება და კომუნიკაცია, რაც, პირველ ყოვლისა, იციან მათ, ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვირის. კახა კალაძის ინფორმაციით, კომპანია „გაზპრომთან“ დღეს მოქმედი ხელშეკრულება 2003 წელს გაფორმდა და მას შემდეგ ხელი მოეწერა 21 დამატებას, ხელშეკრულების ვადის გაგრძელების და სხვადასხვა ტექნიკური საკითხის მოგვარების მიზნით.
„გაზპრომთან“ ხელშეკრულების ფარგლებში ყოველწლიური შეხვედრები იმართება ახლაც, იმართებოდა სააკაშვილის დროსაც და მანამდეც – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, რატომღაც ყველას ავიწყდება ის ფაქტი, რომ გარდა ტრანზიტის საფასურად მიღებული გაზისა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც კი საქართველო რუსეთიდან იღებდა ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობას.
„არსებობს პოლიტიკური მორალის რაღაც ზღვარი, რომელსაც თუნდაც ყველაზე მარგინალმა და ბანკროტმა პოლიტიკოსმა თუ პარტიამაც არ უნდა გადააბიჯოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.