გერმანელი სპეციალისტები მეწყერული პროცესების შესასწავლად თბილისში დღეს ჩამოვლენ

გააქტიურებული მეწყერული პროცესების შესასწავლად თბილისში დღეს, 22 მარტს გერმანელი სპეციალისტები ჩამოვლენ. დედაქალაქის მერის, კახი კალაძის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე გზა მალე გაიხსნას და გადაადგილება უსაფრთხო იყოს.
გეოლოგების და ექსპერტების ნაწილი მერიას მიმართავს, რომ ვიდრე საფრთხე არსებობს ადგილზე სამშენებლო პროცესები შეჩერდეს
“როცა ასეთი მშენებლობები და ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება, მაშინ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გათვალისწინება, ახლა შეუქცევადია პროცესი, ამიტომ პრინციპში დაგვიანებულია, თუნდაც იმ ბლოკის ადგილზე დამაგრებაზე ფიქრი, წარმოუდგენელი ამოცანაა. უნდა მოხდეს დარჩენილი ფერდების 24 საათიანი მონიტორინგი, რომ გამოჩნდეს ისინი რამდენად სტაბილურია, თუ გადაადგილდებიან”, – თქვა დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა სუხიშვილმა.
შეგახსენებთ, მაჭავარიანის ქუჩაზე, ანუ იქ, სადაც მთაზე ნაპრალი გაჩნდა, მერიამ 9 მილიონი ლარი დახარჯა წყლის სისტემების გამოცვლისთვის – არსებობს ეჭვი, რომ ამ სამუშაოებმა და ახალი გზის მშენებლობამ, რომლითაც ვაშლიჯვარი მარშალ გელოვანის გზატკეცილს უკავშირდება, და რაც ქალაქს 15 მილიონი დაუჯდა, მეწყრული პროცესები დააჩქარა. წყლის სისტემების გამოცვლას და ახალი გზის მშენებლობას ერთი და იგივე კომპანია, „ბლექ სი გრუპი“ ასრულებს.