გერმანიამ სტამბულსა და ანკარაში დიპლომატიური წარმომადგენლობები დახურა
გერმანიამ ანკარაში საკუთარი საელჩო დროებით დახურა. ამის გარდა, სტამბულში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გენერალურმა საკონსულომ და ორივე ქალაქში განლაგებულმა გერმანულმა სკოლებმა სამუშაო შეაჩერეს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გვაცნობებს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ინფორმაციით, გერმანულმა სპეცსამსახურებმა მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ კონკრეტული და სერიოზული სიგნალები მიიღეს. თავდასხმის ობიექტები დიპლომატიური წარმომადგენლობები და სკოლები უნდა გახდეს. ამიტომ შტაინმაიერმა აღნიშნული ობიექტების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში კრიზისული შტაბი მოიწვიეს.
15 მარტს გერმანულმა საელჩომ ანკარაში გერმანელი მოქალაქეები ახალი ტერაქტების მოწყობის შესახებ გააფრთხილა და შეძლებისდაგვარად სამშობლოში დაბრუნება ურჩია.
შეგახსენებთ, რომ 13 მარტს თურქეთის დედაქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა, 125 კი მძიმედ დაიჭრა. უფრო ადრე, 12 იანვარს, სტამბულში მოწყობილი ტერაქტის შედეგად 10 გერმანელი ტურისტი დაიღუპა.