რუსეთის პრეზიდენტმა ოკუპირებულ რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი 20 ოქტომბრიდან “საომარ მდგომარეობას” აცხადებს ანექსირებულ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებში. პუტინის მიერ გამოცემული განკარგულება დასამტკიცებლად გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბჭოს.
რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება დღეს, 19 ოქტომბერს გამოაცხადა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩატარდა.
„შეგახსენებთ, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში, ვიდრე ისინი რუსეთის შემადგენლობაში შევიდოდნენ, არსებობდა საომარი რეჟიმი. ახლა ჩვენ გვჭირდება ამ რეჟიმის გაფორმება უკვე რუსეთის კანონმდებლობის ფარგლებში. ამიტომ, მე ხელი მოვაწერე განკარგულებას რუსეთის ფედერაციის ამ ოთხ შემადგენელ სუბიექტში საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ. იგი დაუყოვნებლივ გადაეგზავნება დასამტკიცებლად ფედერაციის საბჭოს“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის განკარგულების მიხედვით, “საომარი მდგომარეობის” გამოცხადების საფუძვლად დასახელებულია „რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალის გამოყენება“.
მისივე თქმით რუსეთის მთავრობას ევალება თავდაცვის სამინისტროს, შსს-ს, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, უშიშროების ფედერალური სამსახურის, რუსეთის გვარდიის და პრეზიდენტის სპეციალური პროგრამების მთავარი სამმართველოს წინადადებების შესაბამისად, სამი დღის ვადაში წარადგინოს საკუთარი წინადადებები მისაღები ზომების შესახებ.
უკრაინის ხერსონის ოლქის დე ფაქტო, პრორუსულმა ადმინისტრაციამ დღეს გამოაცხადა, რომ დაიწყო ადგილობრივ მცხოვრებთა „ორგანიზებული გადაადგილება“ მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან მარცხენაზე, სადაც მათი განთავსების დროებითი პუნქტი გაიხსნა.
მისი თქმით, კიევის რეჟიმმა უარი თქვა ამ რეგიონების მცხოვრებლების არჩევანის აღიარებაზე და უარყოფს ნებისმიერ წინადადებას მოლაპარაკებისთვის.
„ნეონაცისტები ღიად იყენებენ ტერორისტულ მეთოდებს: დივერსიას საარსებო ობიექტებში, კლავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს“, – დასძინა პუტინმა.
პრეზიდენტ პუტინის მიერ ხერსონის ოლქის ე.წ. „გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად“ დანიშნულმა ვლადიმირ სალდომ რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია 24“-ს უთხრა, რომ დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადავლენ “სამთავრობო სტრუქტურებიც” და შვიდი დღით აიკრძალება ხერსონის ოლქში სამოქალაქო პირების შესვლა. სალდომ მიზეზად დაასახელა საბრძოლო მოქმედებების მოსალოდნელი გამწვავება.
ხერსონის ოლქში გამოცხადებულ ევაკუაციას “პრიმიტიული ტაქტიკა” და “პროპაგანდისტული მოჩვენებითობა” უწოდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა. მისივე შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება ცდილობს ხერსონელები დააშინოს “ფეიკებით” ქალაქზე მოსალოდნელი შეტევის შესახებ. ერმაკის განცხადებით, უკრაინის არმია საკუთარ ქალაქებს თავს არ ესხმის.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა 2022 წლის 30 სექტემბერს. ოქტომბერში, უკრაინის არმიამ რუსი სამხედროებისგან გაათავისუფლა ხერსონის ოლქის არაერთი დასახლებული პუნქტი.
შეგახსენებთ რომ 20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში 23-დან 27 სექტემბრამდე რეფერენდუმების ჩატარებას გეგმავდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე, ხელი მოაწერა ბრძანებებს დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს ორი სეპარატისტული სუბიექტი, რომელთა დაცვაც რუსეთმა აგრესიის საბაბად გამოიყენა, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული.
დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების შესახებ “რეფერენდუმის” ჩატარების გეგმები ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გამოცხადდა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის მიერ მხარდაჭერილი ადმინისტრაციების ცნობით, ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ, ე.წ რეფერენდუმებში ხერსონში 87.05%-მა, ზაპოროჟიეში 93.11%-მა, ლუჰანსკში – 98.42%-მა და დონეცკში 99.23%-მა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას.
პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი 30 სექტემბერს მოაწერეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულებები ყირიმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ანექსიის შესახებ ბათილად გამოცხადდა.