გერმანიაში მარიხუანის სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება ლეგალური გახდა

მიმდინარე წლის 19 იანვარს ბუნდესტაგმა ერთხმად დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმად, მძიმედ დაავადებული პაციენტები ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტით აფთიაქებში კანაბისისგან დამზადებული მედიკამენტების შეძენას შეძლებენ. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
აღნიშნულ პრეპარატებზე გაწეულ ხარჯს აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის სალაროები დაფარავს. ამ დრომდე კანაბისის შემცველი პრეპარატების შეძენა შესაძლებელი იყო იშვიათი გამონაკლისის შემთხვევაში და პაციენტებს გაწეული ხარჯები სრულად უნდა დაეფარათ. 2016 წელს გერმანიაში მარიხუანის შემცველი წამლების მოხმარებაზე ოფიციალურად 647 ნებართვა გაიცა.
კანაბისის შემცველი პრეპარატებით აფთიაქების უზრუნველსაყოფად, გფრ-ში კანაფის სამედიცინო მიზნებისთვის მოყვანა-დათესვა ოფიციალურად ნებადართული იქნება იმ დრომდე, სანამ მისი იმპორტის საკითხი გადაწყდება. მაგრამ თავად პაციენტები აღნიშნული მცენარის ინდივიდუალურად მოშენებას ვერ შეძლებენ.
ასევე იგეგმება სახელმწიფო სააგენტოს შექმნა, რომელიც ქვეყანაში კანაბისის მოყვანა-გაყიდვას გააკონტროლებს და სამკურნალო საშუალებების ფედერალურ ინსიტუტს დაექვემდებარება.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, გერმანელი სპეციალისტები პაციენტების დახმარებით კანაბისის ბაზაზე შექმნილი პრეპარატების ზემოქმედების დონის შესასწავლად სამეცნიერო კვლევის ჩატარებას გეგმავენ.