გერმანიაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში, მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად ძარცვის ბრალდებით, საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს, – წერს გერმანული პრესა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 26-დან 38 წლამდე ასაკის ქართველი კაცები გერმანიაში დევნილების სტატუსით იმყოფებოდნენ. ქალაქ დრეზდენსა და მის შემოგარენში დილის 6 საათზე 35 საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა დაიწყო. სპეცოპერაციაში 600-მდე პოლიციელი მონაწილეობდა.

როგორც პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, ეს კრიმინალების წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაციაა. მისი ცნობით, ამ საქმის გახსნით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართველების დიდი ნაწილი დევნილის სტატუსს ძარცვისთვის იყენებს.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯგუფური ყაჩაღობები. გამოძიების ინფორმაციით, ქართველები ძირითადად სასმელს, სიგარეტს, ყავას, ბავშვების საკვებ პროდუქტს და პარფიუმერიას იპარავდნენ და შემდეგ ევროპის სხვა ქვეყნებსა და აზიაში ყიდდნენ.

ჩხრეკისას საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს 30 გრამი კრისტალი და ჰეროინი აღმოაჩნდა. ამ დროისათის დაპატიმრებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილნი. მათი სასამართლო პროცესი პარასკევს არის ჩანიშნული. ქართველების პარალელურად გერმანულმა პოლიციამ ლატვიისა და ვიეტნამის რამდენიმე მოქალაქეც დააკავა.

დაკავებული ქართველების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button