მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გერმანიის კანცლერმა საქართველოს პრემიერმინისტრს მოუწოდა რეფორმებისთვის საჭირო ნაბიჯები გადადგას

გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს, შეხვდა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის თემას წარმოადგენდა გერმანია-საქართველოს მრავალმხრივი თამაშრომლობის გაღრმავება, უსაფრთხოების და ევროპის პოლიტიკის აქტუალური საკითხები და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გლობალური შედეგები.

ფედერალურმა კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია კვლავინდებურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ კურსს და მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები საჭირო რეფორმების გატარების მიმართულებით.

„აღინიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები არის ორიენტირი კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე. კანცლერმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მომავალი კვირების განმავლობაში ყველა ძალისხმევა მიმართოს ხსენებული რეკომენდაციებიდან გამომდინარე აუცილებელი ღონისძიებების დროულად და ძალზე აქტიურად გასატარებლად. უსაფრთხოების პოლიტიკაზე საუბრისას ფედერალურმა კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ფედერალური კანცლერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც შეინარჩუნებენ ღია და შედეგზე ორიენტირებულ დიალოგს და კვლავინდებურად ექნებათ მჭიდრო კომუნიკაცია”,- ნათქვამია გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბერლინში გამართულ „შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო. პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია”.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ახლა საქართველოსთვის წევრი ქვეყნების როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპისთვის.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფედერალური კანცლერი საქართველოს ევროინტეგრაციას ყოველთვის ღიად უჭერს მხარს, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს მადლობა გადაუხადა.

ღარიბაშვილი შეხვედრას ტვიტერზეც გამოეხმაურა. მან გერმანიას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან. საუბარი შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძალიან კარგი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებას. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. მიგვაჩნია, რომ ეს ურთიერთობა განმტკიცდება იმ მნიშვნელოვანი პროგრესის გამო, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button