ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ამტკიცებს რომ უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შემდეგ, ახლა უკვე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედროებმა რუსეთის არმიის პოზიციებზე შეტევა დაიწყეს, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ უკრაინულმა ჯარებმა საომარი მოქმედებების ვერცერთ ნაწილში ვერ შეასრულეს დაკისრებული ამოცანები.
„პირველ რიგში, ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტურად განვაცხადოთ, რომ ეს შეტევა დაიწყო. ამას მოწმობს უკრაინის არმიის სტრატეგიული რეზერვების გამოყენება. ამოცანები. ეს აბსოლუტურად აშკარაა.” მეორეც, უკრაინის ჯარებმა ვერ მიაღწიეს დაკისრებულ ამოცანებს საომარი მოქმედებების არცერთ მონაკვეთზე. ეს აბსოლუტურად აშკარაა” , – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ბოლო დღეებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განიცადეს მნიშვნელოვანი დანაკარგები, რომლებიც აღემატება „კლასიკურ“ მაჩვენებელს. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ბრძოლის ველზე არსებული რეალობიდან გამომდინარე აფასებს სიტუაციას მტრის კონტრშეტევასთან დაკავშირებით.
როგორც რუსული მედია წერს, ბოლო დღის განმავლობაში კიევმა დაკარგა 945 ჯარისკაცი, 33 ტანკი, 38 ერთეული ჯავშანტექნიკა და სხვა სახის შეიარაღება.
პუტინის განცხადების ფონია ცნობები ინტენსიურ შეტაკებებზე – კერძოდ, ზაპოროჟიეს ოლქში და ბახმუტის სიახლოვეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის სამხედროებმა რამდენჯერმე სცადეს რუსეთის დაცვის გარღვევა.
როგორც მედია აღნიშნავს, წინა დღით კონტრშეტევითი მოქმედებების დაწყების შესახებ დასავლური მედიაც წერდა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ყველა შეტევა მოგერიებულია.
კიევში ოფიციალურად უარყოფენ კონტრშეტევის დაწყებას.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) ინფორმაციით, უკრაინამ სხვადასხვა შედეგით, ფრონტის სულ მცირე სამ მონაკვეთზე ჩაატარა კონტრშეტევითი ოპერაცია, 4 ივნისიდან მიმდინარე გაცილებით ფართო კონტრშეტევის ფარგლებში.
ამერიკელი ექსპერტების თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა 7 ივნისის ღამიდან ლოკალური, თუმცა მნიშვნელოვანი იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთში. მანამდე, 4 ივნისს, უკრაინის ძალებმა ლოკალური კონტრშეტევის შედეგად ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, ზაპოროჟიეს ოლქის საზღვართან
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელი სამხედროები თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ ბახმუტის მიმართულებით და ქალაქის ფლანგებზე გარკვეული წინსვლა აქვთ. ბოლო დღეებში სხვადასხვა წყაროთი სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დაწყებაზე, თუმცა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს ეს ოფიციალურად არ განუცხადებიათ.