მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გერმანიის მთავრობა ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინას “გეპარდის” საზენიტო სისტემებს მიაწვდის.

გერმანიის მთავრობა აპირებს დაამტკიცოს უკრაინისათვის საზენიტო თვითმავალი დანადგარის “ლეოპარდის” მიწოდება, ამ ტიპის იარაღის მწარმოებლის (Krauss-Maffei Wegmann (KWM) – საწყობიდან. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Deutsch Welle, რომლის თანახმად ფუნდამენტური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ფორმალურად ის შეიძლება დღეს გამოცხადდეს.

საუბარია ბუნდესვერის ყოფილი არსენალში არსებულ შეიარაღებაზე. კომპანია KMW-ს ფლობს რამდენიმე ათეულ ასეთ დანადგარს. “ლეოპარდები” შეიძლება გამოყენებულ იქნას სახმელეთო და საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგ საბრძოლველად სხვა სახის სამხედრო ტექნიკასთან ურთიერთმოქმედებით.

პოლიტიკოსმა იოჰანეს ვოგელმა, დაადასტურა გაზეთ Sueddeutsche Zeitung-ის გავრცელებული ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრი ამ ნაბიჯს სამშაბათს, გერმანიაში, მოკავშირეებთან შეხვედრაზე გაახმოვანებს.

რამდენიმე დღის წინ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინისთვის მძიმე სამხედრო ტექნიკის შესაძლო მიწოდებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია ეს ნატო-ს კონფლიქტში ჩართვად მიიჩნიოს. ამ მიდგომამ გამოიწვია კრიტიკა ოპოზიციის და მმართველ კოალიციაში შემავალი პარტნიორების მხრიდან, რომლებიც უკრაინისთვის უფრო მტკიცე მხარდაჭერას ემხრობიან.

ერთი დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანულმა კონცერნმა Rheinmetall-მა გერმანიის მთავრობისგან მოითხოვა ნებართვა კიევისთვის 88 Leopard 1a5-ის ტანკის მიწოდებაზე.

გერმანულ გაზეთ Die Welt-ის თანახმად, იმ დოკუმენტების გათვალისწინებით, რომელთა გაცნობაც ჟურნალისტებმა შეძლეს, კონცერნს შეუძლია პირველი 22 ერთეული ტანკის გაგზავნა რამდენიმე კვირაში, ხოლო დანარჩენისა – წლის ბოლომდე. სააგენტო “როიტერის” ცნობით, Rheinmetall-მა ასევე ოფიციალურად მოითხოვა მთავრობისგან ნებართვა, რომ უკრაინას მიაწოდოს 100 ერთეული Marder-ის კლასის ქვეითი საბრძოლო მანქანა. თუმცა კონცერნის პრესსამსახურში ამ ცნობის თაობაზე კომენტარზე ჯერჯერობით უარი თქვეს.

გარდა ამისა ბრიტანეთი უკრაინას ახალ სასწრაფო დახმარების მანქანებს, სახანძრო მანქანებს, სამედიცინო მარაგებს გადასცემს. ქვეყანა ასევე დააფინანსებს უკრაინელი ექიმების მომზადებას. ამის შესახებ განცხადება დღეს პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა გააკეთა.

ბრიტანეთის 22 ახალი სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც შესაბამისადაა აღჭურვილი, უკრაინაში უახლოეს დღეებში გაიგზავნება. ქვეყანა აცხადებს, რომ 40-ზე მეტი სახანძრო მანქანა, 300 სახანძრო მილითა და თითქმის 100 000 ერთეული დამცავი ტანსაცმლით, უკვე ჩავიდა უკრაინაში.

ჯონსონმა განაცხადა, რომ შეძრწუნებულები არიან საავადმყოფოებზე განზრახ მიტანილი იერიშებით.

“დღეს გამოცხადებული ახალი სასწრაფო დახმარების მანქანები, სახანძრო მანქანები და ჯანდაცვის ექსპერტების დაფინანსება უკეთ აღჭურავს უკრაინელ ხალხს, რომ გაუწიონ სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარება და გადაარჩინონ სიცოცხლე.

ჩვენი სამხედრო მხარდაჭერით, ჩვენ დავეხმარებით უკრაინას შესაძლებლობების განმტკიცებაში, რათა დავრწმუნდეთ, რომ პუტინის სასტიკი შემოჭრა წარუმატებელი იქნება”, – თქვა ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთი, ასევე, გასცემს 300,000 ფუნტის ღირებულების მედიკამენტებს და ფარმაცევტულ მარაგს.

მსგავსი პოსტები

Back to top button