მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ღარიბაშვილი ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება და ტელევიზიაში შეჭრას გამორიცხავს

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა

“მოგეხსენებათ, მე რვა წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს, და მაშინ მიწევდა ურთიერთობა მთავრობის უწყებებთან, მათ შორის მინისტრთა კაბინეტთან მქონდა პირდაპირი კომუნიკაცია. მქონდა შეხვედრები ბატონ რურუასთან, ბატონ კვიტაიშვილთან, პრეზიდენტის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან, პრეზიდენტის დედა, ქალბატონი გიული ალასანია ხშირად გვსტუმრობდა ქართუ ფონდში. აქედან გამომდინარე, პასუხი ძალიან მარტივია, რომ პირდაპირი კავშირი მქონდა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან.

ასევე, იყო საუბარი, რომ ეს ჩანაწერები გაკეთებულია 2017 წელს, ესეც არგუმენტებს მოკლებულია, რადგან მაშინ მე ვიყავი ბიზნესში და არ ვყოფილვარ პოლიტიკაში შემდეგი 4 წელი”, – თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მსხვერპლი სწორედ ჩანაწერების ფიგურანტები არიან, ხოლო ამ ჩანაწერებში დანაშაული არ არსებობს, რადგან არ არსებობს დაზარალებული.

„დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც დაზარალებული არ არსებობს. დაზარალებულები ვართ ჩვენ, მე პირადად. რატომ მისმენდნენ მე როგორც პირს, რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს? არც ქართული ოცნება არსებობდა მაშინ, არც ბატონი ბიძინა არ იყო პოლიტიკაში. ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი, ეს არის გამოსაძიებელი, რატომ იყო მოსმენა, რატომ გაასაჯაროეს ფაბრიკაცია და დამახინჯებული სიყალბე ჩვენი უამრავი საუბრის. ჩვენ ვნახეთ ის პიროვნება, რა ვითარებაში მოხდა გასაუბრება ბატონი ანზორ ჩუბინიძის“-აცხადებს ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასევე გამოეხმაურა TV პირველიდან მასალების ამოღების განჩინებას და ინფორმაციას ტელევიზიაში შეჭრაზე “აბსურდი” უწოდება.

“TV პირველში, ან რომელიმე ტელევიზიაში შეჭრა, ეს არის აბსურდი, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს 2021 წელია და არა 2007 წელი, როდესაც შეჭრა მოხდა იმედში. არანაირი პანიკის და განგაშის საფუძველი არ არსებობს”, – ამბობს ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თV პირველიდან მასალების იძულებით ამოღების ნებართვა მისცა. ამის შესახებ თავად ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია და მიღებული განჩინებაც გაასაჯაროვა, საქმე ეხება 6 მარტს, ნოდარ მელაძის შაბათში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button