მნიშვნელოვანისიახლეები

ღარიბაშვილის თქმით, ომის დაწყების თარიღზე საუბარი უხერხულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის მოქმედი ხელისუფლება, წინას მსგავსად, 8 აგვისტოს აღნიშნავს 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავს.

მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ მიდიან ხელისუფლების წარმომადგენლები დაღუპული ჯარისკაცების სასაფლაოზე 7 აგვისტოს, იმ დღეს, როცა რუსეთის ჯარი უკვე იყო საქართველოს ტერიტორიაზე.”ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ თარიღებზე გვიწევს საუბარი. ჩვენ ყველანი დღეს ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე. დანარჩენი, თარიღებზე სპეკულაციას, მე მინდა გთხოვოთ, რომ თავი შევიკავოთ.

ღარიბაშვილის თქმით, ომის დაწყების თარიღზე საუბარი უხერხულია, მით უფრო, რომ მუხათგვერდის სასაფლაოზე 8 აგვისტოს მიდიოდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

„მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი, 8 აგვისტო არასდროს გამხდარა განხილვის საკითხი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებიც აქ 8 აგვისტოს ამოდიოდნენ. უხერხულია, რომ აქ არიან ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახები წევრები და ჩვენ თარიღებზე ვსაუბრობთ.

მე გეტყვით მთავარს – თქვენი ტელევიზიების დე-ფაქტო მფლობელის, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი. ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი. მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და ხალხი, ჩვენი სამხედროები.”

ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება გააკეთებს მაქსიმუმს, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკის განვითარება.

“დღეს რომ გამოდიან და თავს დებენ პატრიოტობაზე, მინდა მათ შევახსენო, აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე თვე იყო გასული, 2009 წლიდან სააკაშვილმა დაიწყო რუსული სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემა. მაშინ მოვისმინეთ, რომ რუსულ ფულს სუნი არ ჰქონდა – ეს ერთი; მეორე – სააკაშვილის ხელისუფლებამ ცალმხრივად გააუქმა უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. მესამე – ასევე სააკაშვილის ხელისუფლებამ ომის შემდეგ არავითარი ქმედება არ განახორციელა, რომ სანქციების ორგანიზება გაეკეთებინა, დაეწყოთ მუშაობა, რათა რუსეთს გარკვეული სანქციები დაკისრებოდა ოკუპაციის გამო, ამის ნაცვლად, მათ ცალმხრივად გააუქმეს უვიზო რეჟიმი, რუსულ კომპანიებს სტრატეგიული ობიექტები გადასცეს და შემდეგ მხარი დაუჭირეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მთავარი რაც არის, არის შემდეგი – თქვენი ტელევიზიების დე ფაქტო მფლობელი, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მათ თვიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი. ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და ხალხი. გაწირეს ჩვენი სამხედროები”, – თქვა ღარიბაშვილმა.

გუშინ, 7 აგვისტოს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოში ომი და მეორე ფრონტის გახსნა არავის სურს.

“ამ ქვეყანაში არავინ არის მომხრე ახალი ომის, მეორე ფრონტის. ეს ყველაფერი არის თემები, რომელიც მე არ მესმის. ამ ქვეყანაში ყველა არის მომხრე, რომ საქართველო გაძლიერდეს, იყოს ერთიანი და იყოს დამოუკიდებელი. ამ საქართველოსთვის დაიღუპნენ ეს ადამიანები და ამას პატივს უნდა ვცემდეთ”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

თვით სააკაშვილის ხელისუფლებაც სულ 8 აგვისტოს ასახელებდა ომის დაწყების დღედ. ამ დღეს აღნიშნავდნენ ოფიციალურად, ამ დღეს გადიოდნენ სასაფლაოებზე, უშვებდნენ შესაბამის სტიკერებს და ა. შ. – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავით ზურაბიშვილი წერს.

მისი თქმით, 7-ს დაასახელებ ომის დაწყების თარიღად თუ 8-ს, პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. ორივე შემთხვევაში რუსეთია აგრესორი და დამნაშავე.

შეგახსენებთ რომ 14 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან, რომელსაც საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი პირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button