მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპირებული ზაპოროჟიეს რეგიონის ხელმძღვანელმა რეფერენდუმს ხელი მოაწერა

რუსეთის ხელისუფლების მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს რეგიონის ხელმძღვანელმა ევგენი ბალიცკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას რეგიონის რუსეთში შესვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ,- ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ევგენი ბალიცკიმ დოკუმენტს ხელი მელიტოპოლში მიმდინარე ფორუმზე – „ჩვენ რუსეთთან ერთად“ მოწერა.

გამოცემა წერს, რომ ამ „რეფერენდუმისთვის“ მზადება დიდი ხანია მიმდინარეობს რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ რეგიონში, რომელიც არ მოიცავს რეგიონალურ ცენტრს – ქალაქ ზაპოროჟიეს.
23 ივლისს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიწყეს საარჩევნო კომისიის შექმნა ამ რეფერენდუმის ჩასატარებლად.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ე.წ. სამოქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა, რომლებიც რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის ამ ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ შეუდგნენ მუშაობას, ხელი მოაწერეს საარჩევნო კომისიების შექმნის შესახებ ბრძანებებს.

კომისიების შემადგენლობა ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ რეგიონების პრორუსული ხელისუფლება ირწმუნება, რომ კანდიდატებად “ყველაზე აქტიური და არაგულგრილი” ადამიანები შეირჩევიან. სხვა საკითხებთან ერთად, კომისიები გამოყენებული იქნება რეგიონების რუსეთში შესვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებისთვის.

ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება შემოდგომაზე იგეგმება, მაგრამ კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით არ არის გამოცხადებული.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაცია უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმებს“ ჩაატარებს, ის ამით უკრაინასთან მოლაპარაკებების ყველა შესაძლებლობას დახურავს.

მანამდე თეთრი სახლის წარმომადგენელმა თქვა, რომ ვაშინგტონი აკვირდება რუსეთის გეგმებს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსიის შესახებ და გააფრთხილა რუსეთი, რომ ეს მცდელობები მისთვის შედეგების გარეშე არ დასრულდება.

დღეისთვის რუსული ჯარები აკონტროლებენ ხერსონის რეგიონის თითქმის მთელ ტერიტორიას რეგიონული ცენტრის ჩათვლით და ზაპოროჟიეს რეგიონის ტერიტორიის დაახლოებით 60 პროცენტს. ქალაქი ზაპოროჟიე რჩება უკრაინის კონტროლის ქვეშ. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გათავისუფლდება რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორია.

მსგავსი პოსტები

Back to top button