მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინას მეგობარი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ომში საბრძოლო მასალებით ამარაგებენ

160 F-16 თვითმფრინავი გვჭირდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პორტუგალიურ ტელეარხ RTP-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„დღეს შეთანხმება გვაქვს სამომავლო 50-60 თვითმფრინავის შესახებ.
სულ დაახლოებით 160 ავიაგამანადგურებელი გვჭირდება, რათა ეს ძლიერი საჰაერო ფლოტი იყოს, რომელიც რუსეთს ცაში დომინირების საშუალებას არ მისცემდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს პროცესი დაიწყო, თუნდაც „ცოტა გვიან,” ვინაიდან უკრაინას ცის ჩაკეტვა ომის პირველივე დღეებიდან სურდა.
ზელენსკის თქმით, F-16 თვითმფრინავები საჭიროა არა კონტრშეტევისთვის, არამედ სამოქალაქო მოსახლეობისა და მარცვლეულის დერეფნის დასაცავად.
მისი მოლოდინით, F-16 თვითმფრინავები უკრაინის ცაში მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება, რაც პილოტებისა და ინფრასტრუქტურის მომზადების გრძელ პროცესს უკავშირდება.

უკრაინამ გერმანიისგან ლეოპარდის ტანკების მორიგი პარტია მიიღო ,- ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში უკრაინას გერმანიისგან დამატებით 10 ლეოპარდის ტანკი და ერთი რადიოლოკაციური სისტემა გადაეცა.
აგვისტოს დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ გერმანია უკრაინას დამატებით 30 ლეოპარდის ტანკს გადასცემს მას შემდეგ, რაც გერმანულმა კონცერნმა ისინი ბელგიისგან შეისყიდა.

ევროკავშირს ჯერ არ მიუღწევია მარტში გამოცხადებული მიზნისთვის, რომ 12 თვის განმავლობაში კიევს მილიონი საარტილერიო ჭურვს მიაწოდებდა. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა 30 აგვისტოს მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, შეუკვეთონ მეტი საბრძოლო მასალა უკრაინისთვის.
ის ჟურნალისტებს ესპანეთის ქალაქ ტოლედოში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ ესაუბრა, იუწყება Reuters-ი.
წელს მარტში ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინის 12 თვის განმავლობაში 1 მილიონი საარტილერიო ჭურვისა და რაკეტის მიწოდების გეგმის გარშემო. ბორელის თანახმად, გეგმის ამ ნაწილის ფარგლებში მიწოდებული იქნა დაახლოებით 224 ათასი საბრძოლო მასალა და 2 300 რაკეტა – სულ 1,1 მილიარდი ევროს საერთო ღირებულებით.
მინისტრთა შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირს მიზნის მეოთხედიც არ შეუსრულებია, არადა გეგმის განხორციელების დაწყებიდან ხუთ თვეზე მეტი გავიდა.
ევროკავშირი უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების ფონდს შექმნის, საიდანაც 2024 წლიდან 2027 წლამდე კიევს ყოველწლიურად 5 მილიარდი ევრო გადაეცემა შეიარაღებისა და სასწავლო პროგრამებისთვის, იტყობინება “გერმანული ტალღა”.
დღეისთვის უკრაინამ მიიღო 5,6 მილიარდი ევრო სამხედრო დახმარება იმ მექანიზმის დახმარებით, რომელიც არ შედის ევროკავშირის ბიუჯეტში. ის უნაზღაურებს ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინაში იარაღის მიწოდების ხარჯებს.
ევროკავშირის კანონმდებლობა კრძალავს საბიუჯეტო სახსრების გამოყენებას მესამე ქვეყნების სამხედრო დახმარებისთვის.
ბორელის წინადადებით, გაფართოვდება უკრაინელი ჯარისკაცებისა და ოფიცრების წვრთნა და წლის ბოლომდე 40 000 სამხედრო მომზადდება. მანამდე დასახული მიზანი – 2023 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების 30 ათასი სამხედრო მოსამსახურის მომზადება – ნოემბრის ბოლოს მიიღწევა, აღნიშნა მან.

ამასთან უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინულმა არმიამ 700 კმ-ის დაშორებით მდებარე სამიზნე უკრაინული წარმოების იარაღით გაანადგურა.

“მოვისმინე მთავარსარდლის მოხსენება ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ. თავდაცვითი და შეტევითი მოქმედებები, ჩვენი წინსვლა არ ჩერდება. ჩვენმა არმიამ 700 კილომეტრის დაშორებით მდებარე სამიზნე უკრაინული წარმოების იარაღით გაანადგურა”, – თქვა ზელენსკიმ.

პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია ადგილი, თუმცა ასეთი მანძილით უკრაინიდან ქალაქი ფსკოვიაა დაშორებული, სადაც გუშინ რუსებმა რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავი დრონების შეტევის შედეგად დაკარგეს.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ცნობით, უკრაინა წარმატებით მიიწევს წინ ზაპოროჟიესა და ბახმუტის მიმართულებით. გენერალურ შტაბში კი აცხადებენ, რომ უკრაინელი სამხედროები დაკავებულ პოზიციებს საზღვრავენ და ამაგრებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button