მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ვის დაასახელებს კახეთში მოქმედი მერებიდან “ოცნება”თვითმმართველობის არჩევნებზე

კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის ამჟამად მოქმედი მერებიდან, “ქართულმა ოცნებამ” 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, შესაძლოა, ხელახლა მხოლოდ ორი მათგანი დაასახელოს.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მსჯელობა საკითხზე პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციებში უკვე დაწყებულია.

დღევანდელი მდგომარეობით უკვე გარკვეულია, რომ ადგილობრივ არჩევნებში, მერობის კანდიდატი აღარ იქნება თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი. ნარეკლიშვილმა პარტიის თელავის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, ერთი კვირის წინ დატოვა. მერის თანამდებობაზე ხელახლა რომ აღარ წარადგენენ, რადიო ჰერეთთან საუბარში, თავად ნარეკლიშვილიც ადასტურებს.ამჟამად მოქმედი მერი ამბობს, რომ პარტიის წევრად რჩება და სხვა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

” ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება და ამაზე მსჯელობა გვქონდა. თუმცა მერის თანამდებობაზე ხელახლა კენჭს არ ვიყრი. სხვა პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის არც გიორგი გახარიას პარტიასთან, თანამშრომლობას არ ვაპირებ. მე ვრჩები პარტიის წევრად და ჩვეულებრივად გავაგრძელებ მუშაობას”- განაცხადა ნარეკლიშვილმა.

კითხვაზე კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებენ, ყვარლის, ახმეტის, საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების მერები.

საგარეჯოს მერი, გიორგი ერბოწონაშვილი ამბობს, რომ ინფორმაცია პარტიის შიგნით მიმდინარე კონსულტაციების შესახებ, კონფიდენციალურია.

” ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და ამიტომ ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მე პარტიის ჯარისკაცი ვარ, რასაც გადაწყვეტენ, იმას მივიღებ”- განაცხადა ერბოწონაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი დღემდე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, მაჟორიტარ დეპუტატ, დავით სონღულაშვილთან დაპირისპირების შესახებ და ამბობს, რომ არჩევნებში ხელახლა დასახელების შესაძლებლობაზე მოსახლეობამ უნდა იმსჯელოს.

” ვერ გეტყვით, ვის რა შანსი აქვს. ეს მოსახლეობის დამოკიდებულებაში უნდა გამოიხატოს. მე პირადად, ამაყი ვარ, ჩემი საქმიანობით ამ წლების განმავლობაში. რაც შეეხება მაჟორიტართან დაპირისპირებას, დავით სონღულაშვილთან ბავშვობიდან ვმეგობრობ და არანაირი უთანხმოება არ გვქონია. ამიტომ ამის მიხედვით მსჯელობა დამასახელებენ თუ არა სწორი არ არის”-განაცხადა ხანდამაშვილმა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მოქმედი რვა მერიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხელახლა დასახელების შანსი, მხოლოდ ორ, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მერებს აქვთ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი ადასტურებს, რომ მომავალ არჩევნებზე, შესაძლოა მერობის კანდიდატი იყოს.

” მე ვფიქრობ, რომ მაქვს ხელახლა დასახელების შანსი და თანახმა ვარ, ხელახლა ვიყარო კენჭი ამ თანამდებობაზე. ვთვლი, რომ დედოფლისწყაროსთვის ამ წლებში, ბევრი რამ შევძელით”- ამბობს ჯანიაშვილი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი კონკრეტული პასუხისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პარტიაში მდივნიშვილი უალტერნატივო კანდიდატად ითვლება.

” ჯერ ვერაფერს გეტყვით. ეს პარტიამ უნდა გადაწყვიტოს და ბუნებრივია, გახმოვანდება”- განაცხადა მდივნიშვილმა.

კონკრეტულ გვარებს და სახელებზე მსჯელობას ჯერჯერობით არ ადასტურებენ. “ქართული ოცნების” თელავის საოლქო ორგანიზაციაში.

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, კახეთის გუბერნატორის მოადგილე, პლატონ კალმახელიძე, ამბობს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირები, ამაზე შესაძლოა მსჯელობენ, თუმცა ჯერ ინფორმაცია არ მიუღია.

” თუ პარტიის სათავეში ამაზე მსჯელობენ, მე ჯერ ინფორმაცია არ მაქვს და კონკრეტულ გვარებს ვერ გეტყვით. მალე გაირკვევა, ვინ იქნება და ვინ არა. ამ ეტაპზე, ზუსტად არაფრის თქმა არ შემიძლია”- თქვა კალმახელიძემ.

დღევანდელი მდგომარეობით გაურკვეველია, მხოლოდ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის, გოგი გოგილაშვილის პოზიცია. მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, გოგილაშვილმა, რადიო ჰერეთის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

 

ავტორი,

ხათუნა გულიაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button