მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ღაზის სექტორში ლიკვიდირებულია რადიკალური დაჯგუფების ლიდერის სამი შვილი და ორი შვილიშვილი

62 წლის ჰანიას 13 შვილი ჰყავს

“ცაჰალის” ოპერაცია გრძელდება. ოთხშაბათს პალესტინური და არაბული მედია იტყობინებოდა, რომ ისრაელის დარტყმების შედეგად ღაზის სექტორში მოკლულია რადიკალური დაჯგუფება ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიას სამი ვაჟი და რამდენიმე შვილიშვილი. ეს დაადასტურეს ისრაელის არმიისა და უშიშროების ძალების პრესსამსახურებმაც. ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, ემირ ჰანია ჰამასის სამხედრო ფრთის ესკადრონის მეთაური იყო. მისი ორი ძმა – მუჰამად და ჰაზემ ჰანიები – ასევე იყვნენ დაჯგუფების მეთაურები.
ისმაილ ჰანიამ დაადასტურა თავისი ვაჟებისა და შვილიშვილების დაღუპვა. მან მათ „მარტვილები“ უწოდა და დასძინა, რომ მისი შვილების სისხლი „არ ღირს ჩვენი ხალხიდან ნებისმიერი სხვის სისხლზე უფრო მეტი“.
მან მედიაკომპანია „ალ-ჯაზირას“ განუცხადა, რომ ნათესავების სიკვდილი ჰამასის ხელმძღვანელობას არ აიძულებს, უარი თქვას თავის გეგმებზე, მათ შორის შეცვალოს პოზიცია ისრაელთან საზავო შეთანხმებასთან მიმართებაში.

62 წლის ჰანიას 13 შვილი ჰყავს. თავად ჰამასის ხელმძღვანელი არ ცხოვრობს ღაზის სექტორში, მისი მთავარი საცხოვრებელი ადგილი კატარშია.
გამარჯვებაში დარწმუნებულია ისრაელი. მძიმე ბრძოლები გრძელდება შხემსა და ნუსეირათში. რამდენიმე სამიზნე განადგურებულია რაფაჰში. საპასუხო დარტყმები “ცაჰალმა” მიიტანა “ჰეზბოლას” პოზიციებზე ლიბანში. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბრძოლა მძევლების გათავისუფლებამდე გაგრძელდება. ტყვეთა მიმართ გაეროს გულგრილობაზე გაამახვილა ყურადღება ორგანიზაციაში ისრაელის ელჩმა.

ტერორისტულ ორგანიზაციასთან ბრძოლის პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალები ჩრდილოეთ ღაზაში ახალ სახმელეთო გადასასვლელს აშენებენ. “ცაჰალში” აცხადებენ, რომ პროცესის დასრულების შემდეგ ამ გზით სარგებლობას დღეში 500-მდე სატვირთო შეძლებს, რაც ღაზაში დამატებითი ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას უზრუნველყოფს.

მანამდე კი ადგილზე, სასმელი წყლის და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია. ლტოლვილთა ბანაკებში ადგილი ფაქტობრივად არ არის. საკვების ულუფებს ჯერ მცირეწლოვნებს უნაწილებენ. მათ, ვინც რიგს ელოდება ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები სხვადასხვა მეთოდებით ართობენ.

თამაშობენ ის ბავშვებიც, რომლებიც ბანაკში ვერ მოხვდნენ. ღაზის სექტორის სხვადასხვა კვარტალში ყველაზე პოპულარული გასართობი ისაა, რასაც მცირეწლოვნები უკვე 188-ე დღეა უყურებენ – “ომობანა”.
ისრაელი ღაზაში ატარებს ფართო მასშტაბის სამხედრო ოპერაციას, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ჰამასი თავს დაესხა სამხრეთ ისრაელს. ჰამასის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1200-ზე მეტი ადამიანი, 240-მდე ისრაელელი და უცხოელი მძევლებად აიყვანეს და ღაზაში წაიყვანეს. უკანასკნელი მონაცემებით, 130-ზე მეტი ადამიანი რჩება ტყვეობაში.

ჰამასის კონტროლქვეშ მყოფი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დაიღუპა 33 ათასზე მეტი ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები.

მსგავსი პოსტები

Back to top button