მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის რადამ მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა.

უკრაინის პარლამენტმა, „ვერხოვნა რადამ“, კენჭი უყარა კანონს, რომელიც რუსეთთან ომის პირობებში სამხედრო მობილიზაციას ეხება.

პარლამენტში კენჭისყრა გაიმართა რუსეთის არმიის ფართო საჰაერო თავდასხმების ფონზე. კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინას შესაძლებლობას მისცემს, გაზარდოს ჯარის რაოდენობა რუსეთის არმიასთან დაპირისპირებაში.

მობილიზაციის კანონს 450- ადგილიანი პარლამენტის 283 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
უმაღლესი რადას მიერ დამტკიცებული კანონპროექტი მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის საკითხებს არეგულირებს. ამასთან, საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყანაში ზოგადი სამხედრო მომზადების შემოღებას ითვალისწინებს. 2025 წელს ის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში დაინერგება.

კანონპროექტიდან ამოღებულია პარაგრაფი იმ სამხედროთა დემობილიზაციის შესახებ, რომლებიც ახლა გადიან სამხედრო სამსახურს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, რასაც, სავარაუდოდ, დიდი უკმაყოფილება მოჰყვება მათი და მათი ოჯახის წევრების მხრიდან. დემობილიზაციის პარაგრაფის ამოღებას მხარი დაუჭირა 227-მა დეპუტატმა.
უკრაინული მედიის ცნობით, დოკუმენტიდან დემობილიზაციის საკითხის ამოღება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირკის ინიციატივით მოხდა.

შესაბამისი პუნქტი ითვალისწინებდა სამხედრო სამსახურიდან იმ პირების გათავისუფლებას, რომლებმაც საომარი მდგომარეობის განმავლობაში 36 თვე იმსახურეს.

ამასთან, უკრაინის უმაღლესმა რადამ გუშინ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც შესაძლებელი ხდება სამხედრო სამსახურისთვის პატიმრების ნებაყოფლობითი მობილიზება. კანონპროექტი ითვალისწინებს საომარ მოქმედებებში მსჯავრდებულთა ნებაყოფლობით მონაწილეობას.
ბოლო ორი დღის განმავლობაში უზენაესმა რადამ კანონპროექტში თითქმის 4000 ცვლილება განიხილა, თუმცა საბოლოოდ მიღებული იქნა ყველა ის ნორმა, რასაც ხელისუფლება მოითხოვდა. დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა ზელენსკიმ უნდა მოაწეროს და ამის შემდეგ, ის ერთ თვეში ამოქმედდება.

დოკუმენტი ავალდებულებს 18-დან 60 წლამდე ასაკის მამრობითი სქესის ყველა მოქალაქეს, დარეგისტრირდეს სამხედრო სამსახურში და ეს ეხება საზღვარგარეთ მცხოვრებლებსაც. სამხედრო აღრიცხვის დოკუმენტის გარეშე, უკრაინელებს საკონსულო მომსახურება არ ექნებათ. მობილიზაციისთვის გაწვევის ასაკი 27-დან 25 წლამდე შემცირდა. ხოლო მათთვის, ვინც თავს აარიდებს სამხედრო სამსახურს, ვერ იმუშავებს საჯარო სამსახურში, მათ შორის, ვერს სამართალდამცავ ორგანოებში, შეიძლება ჩამოერთვას მართვის მოწმობაც. ჯარიმები გაიზრდება ჯარისგან თავის არიდების შემთხვევაში.

გადავადება, ან გაწვევიდან გათავისუფლება ეხევათ შშმ პირებს, სამი და მეტი მცირეწლოვანი შვილის მამებს, სამართალდამცავებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებიც მიიღებენ პირველად განათლებას, სამეცნიერო და პედაგოგიურ სფეროში.
გასულ დღე-ღამეში რუსეთმა მორიგი თავდასხმები მოაწყო უკრაინის ბევრ რეგიონში.

დღევანდელი თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ მიმართა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების კრიტიკული საჭიროება აქვს. ზელენსკის განცხადებით, საჭიროა საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა სამხედრო მხარდაჭერა და არა თვალის დახუჭვა და ხანგრძლივი დისკუსიები.

რუსეთმა უკრაინაზე ბოლო კომბინირებული თავდასხმისას 82 რაკეტა და დრონი გამოიყენა. უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ძირითადი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button