მნიშვნელოვანისიახლეები

ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება.

ამიერიდან აღარ არის სავალდებულო ღია სივრცეში პირბადის ტარება, ასევე იხსნება რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო და სოციალურ ღონისძიებებზე.

დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე მყოფი თანამშრომლები თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან. ასევე უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე ბრუნდებიან.

სავალდებულო რჩება პირბადის ტარება დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნდება.

„28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნებული იქნება“, – განაცხადა ღიბრაძემ რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button