მნიშვნელოვანირეგიონი

“ღირსების აქცია”- თელავში, ერეკლე მეორეს მოღვაწეობის მხარდამჭერთა შეკრება გაიმართა

“ღირსების აქცია”- ასეთი სახელწოდებით, თელავში, ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორეს მოღვაწეობის მხარდამჭერთა შეკრება გაიმართა.
ერეკლე მეორეს სასახლის მიმდებარედ, მეფის ძეგლთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, მისი მოღვაეწეობის პერიოდში წარმოებულ ომებსა და პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს.

მათი განმარტებით, ერეკლე მეორე, საქართველოს მეფეებს შორის ერთ- ერთი გამორჩეული პოლიტიკოსი და სტრატეგი იყო.
მხარდამჭერთა შეკრებას მიმართა დასავლეთ საქართველოდან ჩამოსულმა, ირაკლი ბაგრატიონმაც, რომელმაც ჭარმაგ ასაკამდე, ერეკლეს საბრძოლო ცხოვრებაზე ისაუბრა.

შეკრებილებს მიმართა ერეკლე მეორეს სახლ-მუზეუმის დირექტორმაც.
აქციას ადგილობრივი მოსახლეობა და რამდენიმე საჯარო მოხელე ესწრებოდა. მათ შორის იყო, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილიც.
” მე ვესწრები აქ, არა როგორც მოხელე, არამედ, როგორც რიგითი თელაველი, რომელსაც უყვარს მეფე ერეკლე. პანდემიის გამო, ვერ მოხერხდა ღირსეულად მისი 300 წლის იუბილეს აღნიშვნა და მისი ღვაწლის დაფასება. ამიტომ ჩვენი პასუხი იქნება, ნოემბერში, ერეკლეს დაბადების დღეზე. რაც შეეხება ბერძენიშვილის აზრს, ეს არის მისი აზრი, შესაძლოა სხვას ჰქონდეს განსხვავებული აზრი. რუსეთთან და არამარტო მასთან, მეფეებს ხშირად ჰქონდათ გაწბილება და ყველაფერი ისე არ ხდებოდა, როგორც ჩაფიქრებული იყო”– განაცხადა ყუშიტაშვილმა.
აქცია პოლიტიკოსის და ფილოლოგის, ლევან ბერძენიშვილის საჯაროდ გამოხატულ მოსაზრებას მოჰყვა, როცა მან, რუსეთთან დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის გამო, ერეკლე მეორეს მოღალატედ გამოცხადებაზე ისაუბრა.

ბერძენიშვილის მოსაზრებას მაშინვე მოჰყვა უარყოფითი რეაქცია სოციალურ ქსელში, თელავში კი, მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა, ბერძენიშვილის ფოტო, საპირფარეშოს შესასვლელში ჩამოკიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button