ღვინიაშვილი რიოსკენ მიიწევს [Photo/video]

სამხრეთ ამერიკულ ტურნეში მყოფმა ბექა ღვინიაშვილმა მორიგი წარმატებით გაგვახარა. 12-13 მარტს ბუენოს აირესში გამართულ პანამერიკულ ღია პირველობაზე ბრწყინვალედ იასპარეზა და საოლიმპიადე რეიტინგში მორიგი 100 ქულა ჩაიწერა.
გასულ კვირას პერუში, ლიმას ტურნირში გამარჯვების შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა არგენტინაში გადაინაცვლა და იქ სცადა ბედი.
პირველი შეხვედრა მასპინძელ ავაკიანთან გახურებისთვის და ტონუსში შესვლისთვის თუ გამოდგებოდა. ღვინიაშვილმა 2 წუთსა და 32 წამში ჩვეულ სტილში ორი ვაზარი აუღო მეტოქეს და მეოთხედფინალში გავიდა.
იქ ქართველს 100 კგ წონით კატეგორიაში ბუენოს აირესში ჩასულ ძიუდოისტთაგან ალბათ ყველაზე ძლიერი- ბრაზილიელი ბუზაკარინი ელოდა, ვინც ოლიმპიადაზე მოსახვედრად უმძაფრეს კონკურენციაშია თანამემამულე ლუსიანო კორეასთან.
ბრაზილიელებს, როგორც მასპინძლებს რიოში ყოველ წონაში თითო ადგილი გარანტირებული აქვთ, თუმცა იმ ერთ ადგილს დამსახურება ხომ უნდა.
ამიტომ ბრაზილიელი არაფრის დათმობას აპირებდა და მედგარი წინააღმდეგობაც გაუწია ღვინიაშვილს. მთელი შეხვედრა ქართველის უპირატესობით, მაგრამ მაინც უმძიმეს ბრძოლაში წარიმართა.
ბექა მისთვის უჩვეულოდ , მხოლოდ გაფრთხილებებით ამარცხებდა ბუზაკარინის. შეხვედრის მიწურულს კი შეძლო, კონტრილეთზე დაიჭირა ბრაზილიელი და ვაზარიც აუღო.
ნახევარფინალში კვლავ იოლი გასეირნების დრო დადგა. ჩეხ ტომას კნაპეკს წესით უნდა სცოდნოდა ღვინიაშვილის გამორჩეული ღონის ამბავი, მაგრამ ამის მიუხედავად გაუმართლებლად შეეკრა. ჩვენს მოჭიდავესაც მეტი რა უნდოდა, საუცხოო ბრუნით ჩეხი ტატამზე დაანარცხა. ბექას ამისთვის სულ 40 წამი დასჭირდა.
ფინალში ღვინიაშვილს, ლიმას მსგავსად, ბუენოს აირესშიც ესტონელ გრიგორი მინასკინთან მოუწია დაპირისპირება.
ეს 25 წლის ბალტიისპირელი საშუალო კალიბრის მოჭიდავე კია, მაგრამ ამ ბოლო დროს კარგ ფორმაში იმყოფება და ყველასთვის ძალიან უხერხული მეტოქეა. თანაც ოლიმპიადაზე გამგზავრება მასაც სურს და ერთ-ერთი ბოლო საგზურისთვის გააფთრებით იბრძვის.
მინასკინი ჩვენებურს პერუშიც მედგრად ერკინა. მთელ ტურნირზე ერთადერთი ილეთი – იუკოც მან აართვა.
ამჯერად არგენტინაშიც საბრძოლველად იყო განწყობილი ესტონელი. ღვინიაშვილის ლამაზ ვაზარის ასევე ვაზარით უპასუხა და შეხვედრა თითქოს დაიძაბა, მაგრამ ქართველმა ჩვეული ხასიათი გამოავლინა. იქვე კიდევ ერთი გდება შეასრულა, რითაც ვადამდე ადრე – 3 წუთში დაასრულა შეხვედრა.
როგორც ითქვა, ამ გამარჯვებით ბექა ღვინიაშვილმა 100 სარეიტინგიო ქულა მოიპოვა და საოლიმპიადო მარათონში ჯამში 338 დაუგროვდა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”31370″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]