გია ლორთქიფანიძე საქართველოში აღარ ჩამოვა
შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე საქართველოში აღარ ჩამოვიდა.
უკრაინის შსს-ს ოდესის ოლქის პოლიციის უფროსი საქართველოში ჩამოსვლას 15 ოქტომბერს გეგმავდა, თუმცა მან საქართველოში დაბრუნება იმ მოტივით გადაიფიქრა,რადგან პროკურატურამ და სასამართლომ მისი გამოძიებასთან თანამშრომლობა არ გაითვალისწინა და წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შუფარდა. ლორთქიფანიძის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავისი უფლებების დაცვას უკრაინიდან გააგრძელებს და სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სტრანსბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს.
”მთელი რიგი მიზეზების გამო აღარ აპირებს ჩამოსვლას. ის თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მზად იყო ეთანამშრომლა დღესაც, თუმცა ამის მიუხედავად, ეს გარემოება არ გაითვალისწინეს, დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი და შეუფარდეს პატიმრობა. აქედან გამომდინარე, გია ლორთქიფანიძე თავისი ინტერესების დაცვას უკრაინიდან გააგრძელებს და მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს”, – განაცხადა გელხმაურმა.
რაც შეეხება ოდესის პოლიციის უფროსის დისტანციური წესით დაკითხვის შესაძლებლობას, ადვოკატის ინფორმაციით, გია ლორთქიფანიძე დღესაც მზადაა ჩვენების მიცემისთვის თუ გამოძიებას ამის საჭიროება ექნება.
შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გია ლორთქიფანიძეს ბრალი 2011 წლის 26 მაისის საქმეზე აქვს წაყენებული. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. სასამართლო პროცესზე, რომელზეც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს, გია ლორთიქიფანიძის ადვოკატმა, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და მთავარ პროკუროის მიმართ გამოგზავნილი ლორთქიფანიძის წერილები წაიკითხა, სადაც ის აცხადებდა, რომ 15 ოქტომბერს მის ამჟამინდელ სამსახურში შვებულებას იღებდა და ამავე დღეს აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას. ადვოკატმა სასამართლოს მტკიცებულების სახით ლორთქიფანიძის მიერ შეძენილი თვითმფრინავის ბილეთიც წარუდგინა.სასამართლომ ლორთქიფანიძის მერ გამოგზავნილი წერილი მტკიცებუებად არ მიიღო და მას დასუწერებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.