გიგა შენგელიას მამამ ,კრწანისის” სასწავლო ცენტრი დაათვალიერა
”კრწანისის” სასწავლო ცენტრში მომხდარი ფაქტის შედეგად გარდაცვლილ გიგა შენგელიას მამა რომან შენგელიამ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რაც კითხვებიც ქონდა , პასუხები მიიღო და ახლა გამოძიების შედეგებს დაელოდებ.
როგორც შენგელიამ აღნიშნა, საქმის ვითარებაში გარკვევისას დარწმუნდა, რომ სროლა ბაზის ტერიტორიაზე მოხდა, მისი შვილის გვამი კი გარეთ იყო ნაპოვნი.
”დავათვალიერე ადგილი, სადაც შემთხვევა მოხდა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ვითარებაში გამარკვიეს. რაც კითხვებიც მქონდა, პასუხები მივიღე. კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ და დაველოდები გამოძიების შედეგებს. სამი შეკითხვა მქონდა და სამივეზე მივიღე პასუხი. ფაქტია, ზურგიდან აქვს ნასროლი, ტერიტორიიდან მირბოდა და ზურგში მოხვდა ტყვია”, – განაცხადა რომან შენგელიამ.
იარაღი, როგორც გარდაცვლილის მამამ აღნიშნა, მას ანახეს სურათი სადაც ე.წ. ”გაზის პისტოლეტი ” იყო დაფიქსირებული. მისივე თქმით, გიგა შენგელიას თანმხლებ პირებზე, მეორე შვილსა თუ სხვა დეტალებზე მისთვის ამ ეტაპზე არაფერი უკითხავთ და, სავარაუდოდ, ამ საკითხებზე კითხვებს მისი დაკითხვისას დაუსვამენ, რომელიც ”კრწანისის” სასწავლო ცენტრის დათვალიერების შემდეგ სამხედრო პოლიციაშია დაგეგმილი.
რაც შეეხება დამოუკიდებელი ექსპერტიზის გამოძიების ჩატარების მოთხოვნას, იგი გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.