ლალისყურის უბანზე, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურის საარჩევნო უბანზე, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა.
მედიის წარმომადგენლებს, ლალისყურში მცხოვრები მოქალაქე დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ქართული ოცნების აგიტატორებმა, ხმის მიცემის სანაცვლოდ, მას 40 ლარი შესთავაზეს. მოქალაქემ საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა და თანხის აღებაზე უარი თქვა.
ლალისყურის საარჩევნო უბანზე მყოფმა პირებმა, რადიო ჰერეთთან ფაქტი უარყვეს და განმარტეს, რომ ტერიტორიაზე, ხმის მიცემის შემდეგ, ცოტა ხნით დაისვენეს.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნინო შათირიშვილის განმარტებით, მას თანხის შეთავაზების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
“არ გამიგია ასეთი არაფერი, თუ ამას აკეთებენ, ეს კანონით აკრძალულია”, – განაცხადა შათირიშვილმა.
მედიის გამოჩენის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ, უბანზე მყოფ პირებს, ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.